ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოში კონფლიქტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც 21 ოქტომბერს მინისტრის მოადგილეების დონეზე შეიკრიბა, საქართველოში კონფლიქტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა „ცალსახა მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გადაწყვეტილება გმობს რუსეთის ფედერაციის „სამხედრო წვრთნებსა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან 12 წლის თავზე, რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ოკუპირებულ რეგიონებში აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში.

კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა, მათ შორის, „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან სამხედრო და უსაფრთხოების ძალების გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბების დაშვების გზით“.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად „მუდმივი მოწოდებებისა“, რომ „შეაჩეროს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებზე მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი“, მოსკოვი ამის კეთებას კვლავაც განაგრძობს. კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობის თვითნებური დაკავებების გამო.

გადაწყვეტილებაში ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებსაც ეთმობა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების შეზღუდვას.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. „გამშვებ პუნქტებზე“ დაწესებულ შეზღუდვებს „ადგილობრივი მოსახლეობისთვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოყვა“. კომიტეტმა ეთნიკური ქართველების – არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეებში დამნაშავეთა დაუსჯელობაზეც გამახვილა ყურადღება.

მინისტრის მოადგილეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საშუალებით უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების განხილვის პრიორიტეტულობას.

მოადგილეებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მოუწოდეს, რომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ მინისტრთა კომიტეტისთვის თავისი კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენა განაგრძოს.

კომიტეტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ არც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და არც სამდივნოს დელეგაციას, რომლებიც კონსოლიდირებულ ანგარიშებს ამზადებენ, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლება არ მიეცათ. კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, რომ დაუყონებლივ უზრუნველყოს ორივე რეგიონთან შეუზღუდავი წვდომა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button