skip to content
ახალი ამბები

თბილისი გმობს ატოცთან და ნიქოზთან განახლებულ „ბორდერიზაციას“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის ორ ადგილას, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს.

სუს-მა დაგმო „საზღვრების“ მოწყობის პროცესი, როგორც კიდევ ერთი „სახიფათო და უაღრესად დესტრუქციული ქმედება“ საოკუპაციო ძალების მხრიდან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ გააქტიურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარე პროცესის შესახებ აცნობეს, როგორც მათ, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს. სუს-ის ინფორმაციით, საქართველო განხილულ საკითხს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე კიდევ ერთხელ დასვამს.

მანამდე, 12 სექტემბერს, სუს-მა რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან განახლებული „ბორდერიზაციის“ შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button