ახალი ამბები

ახალგორელი პაციენტი გზაში გარდაიცვალა

Tags

ახალგორელი პაციენტი, 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომელიც 19 მაისს ოკუპირებული ცხინვალიდან წითელი ჯვრის მეშვეობით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში, კარალეთის ტერიტორიაზე ინსულტით გარდაიცვალა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ „ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში“.

მისივე განმარტებით, გარდაცვლილის ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა, რაც პაციენტის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ცდილობდა, თუმცა ვერ მოხერხდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

ციხელაშვილის შეფასებით, გადაადგილება „ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც“ არ უნდა ფერხდებოდეს და დასძინა, რომ ახალგორელებს „ძირითადად“ სწორედ ეს პრობლემა ექმნებათ.

„[ეს] არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს [იმ] მოქმედებებს, რასაც ახორციელებს [ცხინვალის] რეჟიმი“, – თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

ოკუპირებულმა ცხინვალმა რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი 27 თებერვალს, მას შემდეგ ჩაკეტა, რაც წინა დღეს, თბილისმა ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button