skip to content
ახალი ამბები

საქართველომ ისრაელის კომპანიასთან საჰაერო თაცდაცვის სისტემის მოდერნიზაციაზე შეთანხმება გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან” ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით შეთანხმება გააფორმა. საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულების ფარგლებში საჰაერო თავდაცვით დანდგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

იმავე ცნობით, ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებსა  და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, მათ შორის, პირადი შემადგენლობის გადამზადებასა და შესაბამისი ტრენინგების გავლაზე.

„რაფაელის მოწინავე თავდაცვითი სისტემების“ კომპანია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის იარაღის, სამხედრო და თავდაცვითი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და წარმოებაზე მუშაობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 11 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ ავიაციის განვითარების საკითხებზე თავდაცვის უწყებაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. კერძოდ, საავიაციო პარკის მოდერნიზების საკითხებზე მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ელბიტ სისტემების“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„მხარეებმა თანამედროვე რადიო-ელექტრონული სისტემებით საფრენი აპარატების აღჭურვის საკითხებზე იმსჯელეს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს „ელბიტ სისტემებთან“ თანამშრომლობის ხანგრძლივი და რთული ისტორია აქვს. 2007 წელს ქვეყანამ კომპანიისგან უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები იყიდა, თუმცა გარიგების საქმე ცუდად წავიდა, რის შემდეგაც საქართველოს კომპანიისთვის კომპენსაციის სახით 35 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. 2012 წელს Wikileaks-ის მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ ისრაელისგან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მოწინააღმდეგისთვის გახდა ცნობილი. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, რომლებიც მისმა მთავრობამ ისრაელისგან რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის წინ შეიძინა, ცნობილი გახდა „მოწინააღმდეგისთვის“. 2015 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ელბიტ სისტემებს“ სააკაშვილის მთავრობის დროს „უსამართლოდ შეექმნა პრობლემები“.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button