ახალი ამბები

ნენსკრაჰესის პროექტის დასაწყებად შეთანხმებები გაფორმდა

საქართველოს მთავრობამ, სამხრეთ კორეულმა  კომპანია K Water-მა და  იტალიურმა სამშენებლო კომპანია Salini Impregilo-მ 31 აგვისტოს თბილისში რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც გზას გაუხსნის 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყებას ზემო სვანეთში.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულებათა პაკეტზე ხელმოწერა გულისხმობს, რომ პროექტის დასაწყებად ყველა ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეტალები არის შეთანხმებული.

„ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე აშენდება“, – განაცხადა კოვზანაძემ.

პროექტს სამხრეთ კორეული K Water ახორციელებს მშენებლობა-ოპერირება-გადაცემის მოდელის (build-operate-transfer) საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰიდროელექტროსადგური, მართოს ის გარკვეული პერიოდით და შემდეგ გადასცეს საკუთრებაში სახელმწიფოს.

ნენსკრაჰესი, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულებაც 1 მლრდ აშშ დოლარია, 35-წლიანი ოპერირების შემდეგ საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა, განაცხადა კოვზანაძემ.

იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანია Salini Impregilo-სთან 575 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტირებისა და მშენებლობისთვის.

მშენებლობა, რომლის დასრულებაც 5 წელიწადში იგეგმება, 135 მეტრი სიმაღლისა და 820 მეტრი სიგრძის, ასფალტით დაფარული ქვანაყარი კაშხლის აშენებას ითვალისწინებს მდინარე ნენსკრაზე. წყალსაცავის ტევადობა 182 მილიონი კუბური მეტრი იქნება. მდინარე ნენსკრასთან ერთად, წყალსაცავი მდინარე ნანკრადანაც მომარაგდება, რისთვისაც პარალელურად დაიწყება 12.4 კმ სიგრძის წყალგამტარი გვირაბის მშენებლობა. ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება.

ეს Salini Impregilo-სთვის მეორე პროექტი იქნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ამ კომპანიამ ქუთაისის შემოვლითი 25-კილომეტრიანი მაგისტრალი ააშენა.

31 აგვისტოს ხელმოწერილი პაკეტი ასევე მოიცავს სახელმწიფო კუთვნილი ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის პირობებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებსაც.

ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყება პირველად 2012 წლის აპრილში გამოცხადდა და ეს პროექტი ჩინურ კომპანიას  Sinohydro-ს უნდა განეხორციელებინა. თუმცა მოგვიანებით ჩინური კომპანია სამხრეთ კორეულმა K Water-მა ჩაანაცვლა, რომელზეც, როგორც პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ კომპანიაზე, არჩევანი სახელმწიფო საპარტნიორო ფონდმა 2014 წლის დეკემბერში შეაჩერა.

მსგავსი/Related

Back to top button