ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდის ახალ ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დაინიშნა

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატი დავით საგანელიძე სახელმწიფო საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს.

მან ამ თანამდებობაზე ირაკლი კოვზანაძე შეცვალა მას შემდეგ, რაც ის გასულ კვირას  ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის დავით საგანელიძეს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე, რომელსაც ის 2012 წელს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად იკავებდა.

დავით საგანელიძე 1999 წლიდან არის აქტიურ პოლიტიკაში,  სწორედ ამ პერიოდიდან ის ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, თუმცა 2008 წლის მოწვევის პარლამენტში ფაქტიურად არ უმუშავია, ვინაიდან დატეპუტატო მანდატზე  პროტესტის ნიშნად ნებაყოფლობით თქვა უარი. 2010-2012 წლებში ის თბილისის საკრებულოს წევრი იყო ოპოზიციური ახალი მემარჯვენეებიდან,  რომლის რიგებიც მან ქართულ ოცნებაში გადასვლის გამო 2012 წლის მაისში დატოვა. პოლიტიკაში მოსვლამდე საგანელიძეს საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკში დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციები ეკავა.

23 სექტემბერს საგანელიძის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას
„გამოცდილი პოლიტიკოსი“ უწოდა, რომელიც „სამწუხაროდ, პარლამენტს დაემშვიდობა“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავით საგანელიძე, თავის ცოდნას და მდიდარ გამოცდილებას მოახმარს საპარტნიორო ფონდს. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები ამ ფონდის  საქმიანობის განვითარებასთან დაკავშირებით და მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი კოვზანაძეს საპარტნიორო ფონდში 2012 წლიდან გაწეული საქმიანობისთვის.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც ფლობს აქტივებს წამყვან სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის საქართველოს რკინიგზაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და ელექტროგამანაწილებელ სისტემებში. ფონდის მთავარი დანიშნულებაა ასევე ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით. 

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ სერიოზული რესტრუქტურიზაციის გაკეთებას ამ ფონდის ბაზაზე. ჩვენ შევქმნით, ალბათ და იმედი მაქვს, დიდ საფინანსო განვითარების ინსტიტუტს საქართველოში, რომელიც ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ინვესტიციის მოზიდვას შეძლებს ქვეყანაში“, – განაცხადა საგანელიძემ ახალ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ.  

პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, დავით საგანელიძეს, რომელსაც რამდენჯერმე საჯაროდაც გამოუთქვამს პოლიტიკიდან წასვლის სურვილი, საკანონმდებლო ორგანო სადეპუტატო უფლებამოსილებას სავარაუდოდ უახლოეს ხანებში შეუწყვეტს; მის ადგილს პარლამენტში საარჩევნო სიაში მომდევნო კანდიდატი დაიკავებს.

 

მსგავსი/Related

Back to top button