skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები ნამახვანჰესის ოპონენტების წინააღმდეგ „ცილისმწამებლურ კამპანიას“ ეხმიანებიან 

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „მწვანე ალტერნატივამ“ – საქართველოს მთავრობა და ნამახვანჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებული „დეზინფორმაციული და მადისკრედიტებელი შეტევების“ გამო გააკრიტიკეს.

ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მთავრობა საჯარო ინტერესს ვერ იცავს და „საჯარო კომუნიკაციაში მას ღიად ანაცვლებს კომპანია, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის“.  განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს როლი მხოლოდ „საპოლიციო ძალით და რეპრესიული ფორმით“ არის წარმოდგენილი.

ორგანიზაციების თქმით, ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის,  გამოხატვის თავისუფლებისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვას რიონის ხეობაში.

„ცხადად ვხედავთ სახელმწიფოსა და პროცესში ჩართული სხვა ადგილობრივი თუ ცალკეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან გამოყენებულ ახალ სტრატეგიას, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო არსებული მშვიდობიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობა დაუკავშირონ ბრძოლას ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გამოაცხადონ ის მართულად, ქსენოფობიურად, პერიფერიულად, მარგინალურად და პროექტის წინააღმდეგ არსებული კრიტიკა გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობოებმა შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ მთავრობის მისამართით საზოგადოებაში არსებული „ლეგიტიმური, სრულიად სამართლიანი პროტესტისა და კრიტიკული შეკითხვების“ საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „ენკას“ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხრიდან „სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია“.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს სახალხო დამცველმაც გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა“.

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი

„დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ ვართ დიალოგის მომხრე, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადა ეკონომიკის სამინისტრომ არასამთავრობოების საპასუხოდ და დაამატა, რომ „სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს საჯაროობის პრინციპით“.

უწყებისთვე განცხადებით, „მიუღებელია“ დიალოგის ის ფორმატი, როდესაც „პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ“.

სამინისტრომ მოუწოდა არასამთავრობოებს „დათანხმდნენ დისკუსიის ფორმატს“, სადაც სადისკუსიო საკითხების დღის წესრიგი შემუშავდება და „პროცესში კომპეტენტური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები“ ჩაერთვებიან. უწყებისვე განცხადებით, არასამთავრობოების მიერ „საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა“ დიალოგის ფორმატის „უხეშ დარღვევად“ აღიქმება.

ამბის წინაისტორია

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. პროექტის ოპონენტები პროტესტს ინვესტორთან საზიანო ხელშეკრულებით და გარემოზე ზემოქმედებით ხსნიან. წინააღმდეგობას პოლიციასა და ადგილობრივ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის უამრავი შემთხვევაც მოჰყვა.

პროექტის მხარდამჭერები, მათ შორის, ხელისუფლება, ღიად აკრიტიკებენ ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობას „ქსენოფობიური“, „ანტითურქული“ და „ჰომოფობიური“ განწყობების გამო, რასაც აქტივისტები კატეგორიულად უარყოფენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button