skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ სასულიერო პირების მხარდაჭერით მანიპულირებაზე საუბრობს

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) 15 სექტემბერს განაცხადა, რომ პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასულიერო პირების მხარდაჭერით „მანიპულირებენ“ და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად აგრძელებს ეკლესია-მონასტრების „მოლოცვას“.

პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებს მცხეთა-მთიანეთში, ბორჯომში, ადიგენში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

ასევე, ორგანიზაციის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 10 სექტემბრიდან მოყოლებული რამდენიმე ტაძარს ესტუმრა, მათ შორის გერგეთის სამების ეკლესიას სტეფანწმინდაში, აწყურის ღვთისმშობლის ეკლესიას, აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის მონასტერს და გორის აღდგომის მშენებარე ტაძარს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ხაზი გაუსვა, რომ აბასთუმნის მონასტერში საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლის აგვისტოში, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით მონასტრის აღდგენის პროცესი დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მსგავსად, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ასევე მიმართავს სასულიერო პირების მხარდამჭერით „მანიპულაციას“, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გახარიას პარტიამ 1 სექტემბერს მაჟორიტარობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში წარადგინა. მოგვიანებით, 9 სექტემბერს, გიორგი გახარია სოფელ ღებში ამომრჩეველს შეხვდა და შეხვედრას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ  2 სექტემბერს გამოაქვეყნა წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლი, რომელიც ძველი აღქმის სიტყვებით და მცხეთისა და ჯვრის მონასტრის ხედებით იწყება.

ამავე ინფორმაციით, „7 სექტემბერს,  სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამა ილია ესარათია აცხადებს,  რომ მხარს დაუჭერს პატრიოტთა ალიანსს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button