ახალი ამბები

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის ინიცირებულ ცვლილებებზე

„საარჩევნო კოდექსში“ მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ 26 აგვისტოს ინიცირებულ ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, ოპოზიციაში უნდობლობის თვალით უყურებენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ფორმალური ხასიათის იქნება და რომ მათ სინამდვილეში ხელისუფლება არ აღსრულებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა აღნიშნული ნაბიჯი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის საჩვენებლად გადადგა. მისი თქმით, „შერჩევითი პოლიტიკური სამართლის“ პირობებში, ხელისუფლებას შეუძლია, „ერთი შეხედვით პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებებიც“ კი „ბოროტად“ გამოიყენოს.

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ „ეს ყველაფერი ისედაც დასჯადია“ და „აქამდე არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, [ამ კანონდარღვევისათვის] რომელიმე საჯარო მოხელე ან თანამდებობის პირი დაესაჯათ“.

ინიციატივას „ერთმოქმედებიანი ფარსი“ უწოდა პარტია ლელო საქართველოსთვის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ. მისი თქმით, მმართველი გუნდი „ჯერ საზოგადოებას ატყუებს და მერე საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობს, რომ მართლა საქმიანად საუბრობს და საქმეს აკეთებს“.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ხათუნა სამნიძის მოსაზრებით, ინიციატივებზე მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნებაა, რომელიც ქართულ ოცნებას არ აქვს. „ამიტომ ვერ რწმუნდება საერთაშორისო საზოგადოება, რომ ქართული ოცნება სამართლიანი, მშვიდობიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას აპირებს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ოპოზიციის სკეპტიციზმს არ იზიარებენ ქართულ ოცნებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ცვლილებების საჭიროება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების „უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით“ ჩატარებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ მოქალაქეებში მეტი ნდობის გაჩენის მოტივით ახსნა. მანვე დასძინა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ოპოზიციის „სპეკულაციებსაც“ დაასრულებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button