ახალი ამბები

აჭარის ტელევიზიასთან ალტერნატიულმა პროფკავშირმა აქცია გამართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირის ორგანიზებით, 26 ივნისს, ბათუმში, ტელევიზიის შენობის წინ, დირექტორ გიორგი კოხრეიძის პოლიტიკით უკმაყოფილო ჟურნალისტთა და აქტივისტთა აქცია გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, აქციას – „ვიცავთ იმას, რაც ჩვენია“ – 400-დან 500-მდე ადამიანი დაესწრო.

მომიტინგეებმა კოხრეიძის მხრიდან ჟურნალისტებზე „ზეწოლა“ გააპროტესტეს, გათავისუფლებულ თანამშრომელთა სამსახურში დაბრუნება, ჟურნალისტთა შრომითი უფლებების დაცვა და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს არჩევის წესის შეცვლა მოითხოვეს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი არობელიძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელმა პირებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ალტერნატიული პროფკავშირის წევრების „დაშინება“ და „შანტაჟი“. არობელიძის თქმით, მმართველი პარტიისაგან ზურგგამაგრებული ტელევიზიის მენეჯმენტი წინ ეღობება ჟურნალისტების მცდელობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით მოქალაქეებს პრობლემებზე სასაუბრო სივრცე შეუნარჩუნონ.

„სამწუხაროა, რომ აქ კვლავ მედიის თავისუფლებისთვის ვიბრძვით. სამწუხაროა, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, საბოლოოდ დაასამაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და ამას ის დღეს აჭარის ტელევიზიაში დირექტორ გიორგი კოხრეიძისა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილის ხელით აკეთებს“, – განაცხადა არობელიძემ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნათია ქარჩილაძემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მათი მოთხოვნა მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაცაა. კერძოდ, ქარჩილაძის თქმით, უნდა შეიცვალოს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს (რომელიც შემდეგ დირექტორს ირჩევს) დაკომპლექტების წესი. ჟურნალისტის თქმით, საბჭო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით არ უნდა კომპლექტდებოდეს.

ქარჩილაძის თქმით, აქციის ორგანიზატორები კვლავაც გამართავენ აქციებს და ტელევიზიის მმართველებს მოუწოდებენ,  „შეწყვიტონ თანამშრომლებზე ზეწოლა“.

ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში საპროტესტო ტალღა 22 ნოემბერს დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ მალევე დაიწყო. კოხრეიძის დირექტორობას ხმა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან სამმა მისცა. სამივე მხარდამჭერი საბჭოში ქართული ოცნების კვოტითაა შესული. ჟურნალისტების ნაწილის აზრით, კოხრეიძე ტელევიზიაში მმართველი პარტიის ინტერესებს ატარებს და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ცვლის.

დღიდან არჩევისა, კოხრეიძემ რამდენიმე კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, მათ შორის, სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები, ტელევიზიიდან გაათავისუფლა ან ნაკლებად მნიშვნელოვან პოზიციებზე გადაიყვანა. ზოგიერთმა გათავისუფლებულმა და ჩამოქვეითებულმა თანამშრომელმა ტელევიზიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სასამართლო დავაც წამოიწყო.

აჭარის  მაუწყებლის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button