skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 23 ივნისს გამართულ პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და მიიღო. საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული სისტემით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად). პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება; აგრეთვე, პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

დღევანდელ სხდომას 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულების და „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით  არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები. იგივე მოთხოვნით არ დაესწრნენ ევროპული საქართველოს დეპუტატები, რომლებმაც 21 ივნისს პირველი მოსმენისას საარჩევნო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს იმ მოტივით, რომ კანონპროექტს საკმარისი ხმები მოეგროვებინა და არ ჩავარდნილიყო. თუმცა მაშინვე ითქვა, რომ მათთვის საკანონმდებლო ინიციატივის მეორე და მესამე მოსმენით მხარდაჭერის წინაპირობა გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

ცვლილებებს, პირველი მოსმენის მსგავსად, მხარი არ დაუჭირეს უმრავლესობის დეპუტატებმა კახა ოქრიაშვილმა, ალექსანდრე ერქვანიამ და ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ. სხდომას არ ესწრებოდა პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია, რის გამოც ცვლილებებს მხოლოდ 115 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მის პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა სურს, თუმცა „დავრჩით ერთგული ჩვენი პრინციპების“.  

„ჩვენი პრინციპული მოთხოვნა იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად შესრულებულიყო მისი მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ძალიან კარგია“ ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამას მესამე მოსმენით მიღება უნდა მოჰყვეს, „იქამდე კი  რურუას – პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება”.

„რომელიმე კომპონენტს თუ არ შეასრულებენ ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი“, – განაცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებთან.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 8 მარტის შეთანხმების დარღვევად შეაფასა ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს მხრიდან  საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში მონაწილეობაზე უარი და განაცხადა, რომ „ეს არის პირდაპირი და უხეში დარღვევა, ისინი არღვევენ შეთანხმების ორივე ნაწილს და ეს დღეს ძალიან  ცხადად გამოჩნდა“.

მან ოპონენტებს საკითხის მესამე მოსმენით განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა, თუმცა დასძინა, რომ ამას „არსებითი“ მნიშვნელობა არა აქვს და საკონსტიტუციო ცვლილებები „უპრობლემოდ გავა“.  

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იგივე მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვის დროსაც და ის „სპეკულაციები“, რასაც ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან, „წარსულს ჩაბარდა“.

„დარწმუნებული ვართ, რომ მესამე მოსმენისას იგივე წარმატებით მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და ამაში, ანუ საზოგადოებრივი კონსესუსის და 8 მარტის შეთანხმების აღსრულებაში არ ექნება ნაცმოძრაობას და მის დანაყოფებს მონაწილეობა მიღებული“, – დასძინა მდინარაძემ.

21 ივნისის სხდომაზე, სადაც ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს, პროექტს 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 5-ის წინააღმდეგ.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button