Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების ნაწილმა ახალი პარტია დააფუძნა

ქართული ოცნების ყოფილი წევრებისა და ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა 7 ივნისს ახალი პოლიტიკური პარტია – „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ დააფუძნა.

ახალი პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი – ბექა ნაცვლიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე, გენერალური მდივანი კი – პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აგრეთვე ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება.

ახალი პარტიის რიგებში გაერთიანდნენ ქართული ოცნების სხვა ყოფილი წევრებიც: დეპუტატები – ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე, აგრეთვე თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების ყოფილი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი – ჯაბა ჯიშკარიანი.

ახლადშექმნილი პარტია ქართულ ოცნებასთან და გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ გეგმავს. ახალი პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო პროგრამას აგვისტოს დასაწყისში წარადგენს.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ახალი პარტიის მთავარი ღირებულება განვითარებაა, რომელიც „სოლიდარობას, სამართლიანობას, კეთილდღეობას და ქვეყნის სუვერენიტეტს“ უნდა დაეფუძნოს.

ახალი პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა კი – განმარტა, რომ პარტია 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მის გარშემო „პროფესიონალიზმითა“ და „საზოგადოებრივი ნდობით“ აღჭურვილი პოლიტიკოსებისა და „სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების“ შემოკრებას გეგმავს.

„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ ისეთი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის გულისთვისაც მას ექნება სურვილი, რომ არჩევნების დღეს მივიდეს საარჩევნო უბნამდე იმ შეგნებით, რომ [ხმის მიცემით] უზრუნველყოფს თავისი შვილებისა და სამშობლოს უკეთეს ხვალინდელ დღეს“, – თქვა ახლადდაფუძნებული პარტიის კიდევ ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემ.

ქართული ოცნების ყოფილმა წევრებმა მმართველი პარტია, გასულ წელს, სხვადასხვა დროს, უმრავლესობაში უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის წესზე არსებული უთანხმოებისა და ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირების ჩაგდების შემდეგ დატოვეს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button