skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას საქართველოში აფასებენ

უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შეფასებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ყურადღება სააკაშვილისთვის „თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევაზე“ გაამახვილა. მისივე თქმით, აღნიშნული სააკაშვილის „პერსონის“ მიმართ უკრაინის პოლიტიკური სპექტრის „სკეპტიკურ დამოკიდებულებას“ ცხადყოფს.

„ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც”, – დასძინა ზალკალიანმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ „ამ დასანანი“ გადაწყვეტილების მიუხედავად, „საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხის გადახედვას არ განიხილავს“.

თუმცა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იქვე აღნიშნა, რომ „საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს“ და, შესაბამისად, ხელისუფლებამ უკრაინაში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციების მიზნით თბილისში გამოძახების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

საკითხის შეფასებისას, სააკაშვილის „გაცილებით დაბალი დონის თანამდებობაზე დანიშვნაზე“ გაამახვილა ყურადღება ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამაც. მანვე უკრაინელი კოლეგების მიერ მიღებულ „მნიშვნელოვან“ გადაწყვეტილებას გაუსვა ხაზი, როდესაც მათ „მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე“ ისეთი ადამიანის დანიშვნას არ დაუჭირეს მხარი, რომელიც საქართველოში „ძებნილია“.

მანვე საქართველო უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თუნდაც „დაბალი დონის თანამდებობაზე დანიშვნა „დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს“. „ამიტომ იქნა გამოწვეული ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი კონსულტაციებისთვის და ამ კონსულტაციების შედეგად უკვე ჩამოვაყალიბებთ ჩვენ პოზიციას“, – განმარტა კახა კუჭავამ.

საპირისპიროს ამბობენ ოპოზიციაში და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის გადაწყვეტილებებში არ ჩაერიონ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას „ქვეყნის წარმატება“ უწოდა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ „სააკაშვილის ეს წარმატება გზას გაუხსნის საქართველოს წარმატებას და გამარჯვებას“.

„გუშინდელი დღე ჩემი აზრით გადაჭარბების გარეშე არის მისალოცი ამბავი ყველასთვის, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის ოთარ კახიძის შეფასებით კი – „არცერთი აქაური პარტიის საქმე არ არის ვის [და] რა თანამდებობაზე [დანიშნავს] ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო უკრაინა“.

„უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ფონზე, კიდევ უფრო აბსურდულად და სამარცხვინოდ წარმოჩინდა ქართული ოცნების ისტერიკა, ამ დანიშვნასთან დაკავშირებით“, – თქვა ოთარ კახიძემ და ქართულ ოცნებას მოუწოდა, რომ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა „პოლიტიკური ოპონენტისადმი ბოღმას“ ნუ დააყენებენ.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვლის დანიშვნაზე მმართველი გუნდის რეაქციას დღესვე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ საქართველო საკითხზე „არასწორად“ რეაგირებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს ელჩს უკრაინაში კონსულტაციებისთვის არ გამოვიხმობთ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობაზე ხანგრძლივია. მიმაჩნია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა. ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში საკადრო პოლიტიკა იმ სახელმწიფოსა და მოქალაქეების გადასაწყვევტია, რომლებიც ამ სახელმწიფოში ცხოვრობენ“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ პრეზიდენტის 7 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მანამდე, 22 აპრილს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერსი პოსტი შესთავაზა. თუმცა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვერხოვნა რადამ სააკაშვილის დასანიშნად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა და 24 აპრილის და 30 აპრილის სხდომებზე ეს საკითხი არ განიხილა.

უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური დაბრუნების პერსპექტივებს საქართველოს ლიდერების, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის უკმაყოფილება მაშინვე მოჰყვა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერად იმ კანდიდატურის განხილვა, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და რომელიც მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული, „მიუღებელი და ყოვლად გაუგებარია“. 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკავაძემ კი – უკრაინელ დეპუტატებს ღია წერილით მიმართა და მათ მოუწოდა სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნისთვის მხარი არ დაეჭირათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი – თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნის შემთხვევაში უკრაინაში საქართველოს ელჩს „მინიმუმ კონსულტაციებისთვის გამოიწვევდნენ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button