ახალი ამბები

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას პოლიტიკოსები აფასებენ

Tags

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძალო დანიშვნას ქართველი პოლიტიკოსების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ აღნიშნულის გამო, შესაძლოა, უკრაინაში საქართველოს ელჩი მინიმუმ კონსულტაციებისთვის გამოიწვიონ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თავის უკრაინელ კოლეგას დმიტრო რაზუმკოვს წერილიც გაუგზავნა, სადაც იგი საქართველოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

ოპოზიციაში კი – ქართული ოცნება სახელმწიფო ინტერესებზე წინ პარტიული ინტერესების დაყენებისთვის გააკრიტიკეს.

„სამოქალაქო საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე პოლიტიკოსების შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასებები

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი: „უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი. ვერავითარი ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურა. თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და „ომონის“ თუ პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს, საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“.

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი: „ბუნებრივია, ვერავითარ სიკეთეს ვერ მოიტანს ასეთი ფაქტი [სააკაშვილის დანიშვნა] და ამის გაკვეთილი ქართველმა ხალხმა მიიღო ჩვენს ქვეყანაში და ამის გაკვეთილი უკვე უკრაინამაც მიიღო, მაგრამ ეს გაკვეთილი არ აღმოჩნდა, როგორც ჩანს საკმარისი, იმისათვის, რომ მეორედ არ შემობრუნებოდნენ ასეთივე გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, როგორც მეგობრის, შევახსენოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, თუ რას ნიშნავს სააკაშილის აქტიური ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში, რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს უკრაინისთვის. ჩვენ შევახსენებთ და შევახსენეთ უკვე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს იმას, თუ რა შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკაში სააკაშილის ყოფნამ დაწყებული სოციალური და ეკონომიკური საკითხებით, დამთავრებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის რუსეთისთვის ჩაბარებით. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ გაკვეთილიდან გამომდინარე, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმაც უნდა გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. მეც მქონდა პირადად კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგებთან და მათ საკმაოდ გაგებით მიიღეს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ და გვაქვს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველი, რომ, საბოლოო ჯამში, უკრაინის პარლამენტი და თითოეული დეპუტატი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს არის ერთგვარი ხელისუფლების მეგობრობის ტესტი… თუ მიიღება გადაწყვეტილება [სააკაშვილის დანიშვნის შესახებ], ბუნებრივია, ეს ძალიან უარყოფითად აისახება ორ ხელისუფლებას შორის მეგობრობაზე“.

ოპოზიციის შეფასებები

ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ხომ ზუსტად იცის ახლა ბატონმა თალაკვაძემაც, რომელიც არის ნომინალური პარლამენტის თავმჯდომარე, რომ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს წარმატება, მათ შორის, მიხეილ სააკაშილის ძალიან აქტიური ჩართულობით, პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმატებაზე. ეს ხომ მან იცის? და ადრე თუ გვიან, ის ხომ აღარ იქნება თანამდებობაზე, საერთოდ პოლიტიკაშიც აღარ იქნება ბატონი თალაკვაძე და ვიღაც რომ ჰკითხავს, ხელს რატომ უშლიდი შენს პარტნიორ სახელმწიფოს განვითარებაში და, შესაბამისად, საქართველოსაც ხელს რატომ უშლიდი და ამუხრუჭებდი პროგრესის გზაზე, პასუხი ხომ მას არ ექნება? ამიტომ, ურჩევნია, ამაზე დაფიქრდეს“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „თალაკვაძის წერილი, ივანიშილის გუნდის განცხადებები და, მით უმეტეს, ის შესაძლო ნაბიჯები, რაზეც ისინი საუბრობენ, არის პირდაპირი ზიანის მომტანი საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება უკრაინასთან სტარტეგიული პარტნიორობა – უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის, ყველაფრისთვის, ეს ჩვენი ინტერესია. არ შეიძლება პოლიტიკურ დაპირისპირებას ყოფილ პრეზიდენტთან ან პირად შუღლს და სიძულვილს გადააყოლო ქვეყნის ინტერესები. უფრო ზოგადადაც, არც, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილის მთავრობამ, არც ოპოზიციამ და, მათ შორის, ყოფილმა პრეზიდნეტმა არ უნდა აქციონ, საერთოდ, უკრაინის შიდა პოლიტიკური ამბები საქართველოში პოლიტიკური დისკუსიისა და განხილვის, მით უმეტეს, დაპირისპირების თემად“.

ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო: „ის, რაც ხდება, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მთავრობას არ სცემენ პატივს მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორ ქვეყანაში – უკრაინაში. ამ ხელისუფლებას აბსოლუტურად არაადეკვატური ხედვები აქვს და არაადეკვატური რეცეპტები ყველა გამოწვევაზე, რა გამოწვევაც კი არსებობს. ამიტომ, ახლა უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს არის ქვეყნისათვის ძალიან მძიმე, ძალიან ცუდი და ხელისუფლება აქედან გამომდინარე უნდა უყურებდეს ამას და არა იქიდან გამომდინარე, რომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ეს ალიყურია. ქვეყნისთვის ახლა უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭება, ნამდვილად ძალიან ცუდია“.

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: „როგორც ჩანს, ცდილობენ მოახდინონ ზეწოლა უკრაინის პრეზიდნეტზე რომ ექს-პრეზიდნეტი არ იქნას დანიშნული ვიცე-პრემიერის პოსტზე. მე მაინც მგონია, რომ ეს გახლავთ განწირული აქტი – მათ არც ქვეყნის შიგნით, არც უკრაინაში, არც ევროპაში, არც ამერიკაში, არაფერი ეშველებათ. სააკაშილი დაინიშნება თუ არ დაინიშნება რაღაც თანამდებობებზე, არც ამით არაფერი ეშველებათ, ეს არის ლანდებთან ბრძოლა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button