ახალი ამბები

ენზელ მკოიანთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

Tags

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საგამოძიებო უწყების შუამდგომლობა და 26 მარტს „ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე“ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტში ქართული ოცნების დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმიშვილი მონაწილეობდნენ.

პროკურატურის მიერ 31 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ ,,გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი“.

პროკურატურისვე განმარტებით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები 28 მარტს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სასამართლო გადაწყვეტილებას ქართული ოცნების ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი გუშინვე Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მიუხედავად იმისა, რომ უწყებას ინციდენტში მონაწილე პირებისა და მოტივის შესახებ არაფერი უთქვამს, ახალქალაქში 26 მარტს მომხდარი ინციდენტი მასზე მკლვლობის მიზნით თავდასხმად შეაფასა.

მისი განმარტებით, 26 მარტს, ახალქალაქში მცხოვრებმა 66 წლის სამველ პეტროსიანმა მის მე-12 კლასელ ძმისშვილს არმენ მკოიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც, იმავე დღეს, სამველ პეტროსიანის შვილი გეორგი პეტროსიანი „მომხრეებთან ერთად სიტყვიერად დაუპირისპირდა მასთან მხოლოდ სასაუბროდ შეხვედრაზე მყოფ არმენ მკოიანის ბიძაშვილს კარაპერტ მკოიანს, რომელსაც ახლდა თავისი ნათესავები“.

ენზელ მკოიანის განმარტებით, დაპირისპირება მისი სახლისა და გეორგი პეტროსიანის კუთვნილი კაფე „გოლდის“ მიმდებარედ მოხდა. დეპუტატის თქმით, სიტყვიერი კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, იგი ხმაურზე სახლიდან გამოვიდა და დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.

„სიტუაცია უკვე განმუხტული იყო, როდესაც თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოვიდა სამველ პეტროსიანი, რომელიც არის ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, გაბრაზებული სასწრაფოდ გადმოვიდა ავტომანქანიდან, წავიდა თავისი შვილის მიმართულებით, დაუძახა შვილს. შედი სახლში, ამათ მე გავუსწორდები, შემობრუნდა ენზელ მკოიანის მხარეს, სასწრაფოდ ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტური იარაღი TT და [მას] დამიზნებით სამჯერ ესროლა“, – წერს დეპუტატი.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი დაკავებული მისი ძმიშვილია, რომელმაც არასაბრძოლო იარაღით ჰაერში მის დასაცავად გაისროლა. მკოიანმა მის ამ გაცხადებას ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც დაურთო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button