skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე დაამტკიცა

82 ხმით არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა 17 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით ნინო ქადაგიძე დაამტკიცა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე ნინო ქადაგიძე 10 მარტს შეარჩია და პარლამენტს მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად იმავე დღეს წარუდგინა. ქადაგიძეს მხარი იუსტიციის საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ქადაგიძეს მხარი არ დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვლმა. ანა დოლიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის პროცესს „ფარსი“ უწოდა. ნაზი ჯანეზაშვილმა კი საკუთარი ბიულეტენი გააბათილა და კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

კენჭისყრამდე პარლამენტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის დასახელება გააპროტესტეს და დეპუტატებს მოუწოდეს მხარი არ დაეჭირათ მისთვის.

„ის [ნინო ქადაგიძე] განასახიერებს წარსულს [და] იმ ძალადობრივი სისტემის, წარმომადგენელი გახლავთ იმ სასამართლო სისტემაში, რომელზეც ქართულმა ოცნებამ უარი თქვა და [მისი შეცვლის] იდეით მოვიდა. ამ კანდიდატის მხარდაჭერა არის წარსულთან ზავი და მე მოგიწოდებთ, რომ გადადოთ ეს საკითხი და არ დაუჭიროთ მხარი“, – თქვა ეკა ბესელიამ.

„ამ სიტუაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აპარებთ და მგონია, რომ ეს არაეთიკურია. შეგვეძლო ეს საკითხი დროში გადაგვედო და სხვაგვარად გაგვეკეთებინა იმიტომ, რომ არასათანადოდ იყო ოპონირება, არასათანადოდ იყო მსჯელობა“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს.

საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ უმრავლესობა ყველა საკითხს, რომელიც „არის გადასაწყვეტი“, „დაჩქარებულ ტემპში განიხილავს. „იმისთვის, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი უწყების ფუნქციონირება არ შენელდეს, სადმე არ მოხდეს რამე კოლაფსისმაგვარი, ჩვენ უნდა ვიყოთ აქაც ადეკვატურები და გადაწყვეტილებები უნდა მივითოთ სწრაფად“, – თქვა მანვე.

კენჭსყრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი აწ უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „გარკვეული პრობლემა რეპუტაციის მხრივ სასამართლოს აქვს“ და რომ მისი „პირველი მიზანი“ საზოგადოებაში სწორედ სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებაა.

„ჩემთვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, ადამიანის უფლებებზე ორიენტურებული მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა”, – დასძინა ნინო ქადაგიძემ.

დღესვე, საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე, ნინო ქადაგიძის კანდიდატურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და თავად ნინო ქადაგიძესაც მოუსმინეს. კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ქადაგიძის კანდიდატურის კომიტეტში განხილვას და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნისთვის საჭირო კენჭისყრის პროცედურას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები არ ესწრებოდნენ.

ნინო ქადაგიძე იმ 14 მოსამართლიდან ერთ-ერთია, რომლებიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა. ამასთან, გასული წლის დეკემბრიდან იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის აგვისტოში ნინო გვენეტაძე, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა, გადადგა და მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება დაასახელა.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button