ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე შეარჩია

Tags

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარუდგინა. თანამდებობაზე მის დამტკიცებას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება 10 მარტს გამართულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღო. ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს  12-მა წევრმა დაუჭირა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფილი გენერალური პროკურორისა და აწ უკვე უზენაეს სასამართლოს მოსამართლის შალვა თადუმაძის კანდიდატურაც იყო დასახელებული, თუმცა არჩევანი ნინო ქადაგიძეზე შეჩერდა.

ნინო ქადაგიძე იმ 14 მოსამართლიდან ერთ-ერთია, რომლებიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა. ამასთან, ასევე გასული წლის დეკემბრიდან იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის პროცესს „ფარსი“ უწოდა. „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში დოლიძემ თქვა, რომ ის ფაქტი, რომ არჩევანი შალვა თავდუმაძეზე არ გაკეთდა ბოლო პერიოდში საერთაშორისო  წნეხის შედეგია. თუმცა მისივე შეფასებით, პარლამენტის მიერ თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის დამტკიცების შემთხვევაში, იგი უზენაესი სასამართლოს „ფორმალური“ მმართველი იქნება და ყველა პროცესს შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

სხდომაზე საკუთარი ბიულეტინი გააბათილა და შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო იუსიტიის საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის აგვისტოში ნინო გვენეტაძე, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა, გადადგა და მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button