skip to content
ახალი ამბები

რუსეთი უარყოფს საქართველოს წინააღმდეგ ოქტომბრის კიბერშეტევაში მონაწილეობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს საქართველოს წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბერში კიბერშეტევის განხორციელება უარყო და აღნიშნა, რომ საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ გუშინ გაჟღერებული „ბრალდებები“ მტკიცებულებას მოკლებული და „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

„არ არსებობს და ვერც იარსებებს რაიმე მტკიცებულება რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მიერ საქართველოს ელექტრონულ ქსელებში განხორციელებულ მავნებლურ ქმედებებში მონაწილეობის თაობაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ გასული წლის ოქტომბერში საქართველოში მომხდარი „ფართომასშტაბიანი“ კიბერშეტევა „დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“. რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და ის დაგმეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს იყო „სინქრონიზებული პროპაგანდისტული ქმედება“ რუსეთის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო აუარესებს „ისედაც არცთუ მარტივ ორმხრივ ურთიერთობებს“ რუსეთსა და საქართველოს შორის. „სამწუხაროა, რომ საქართველოში არ სურთ უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის კურსზე და გაკვეთილი ისწავლონ გასული წლის კრიზისიდან“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „არსებული უთანხმოებების მოგვარება და ნორმალიზების პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის მთავარ ინტერესია“ და იქვე დასძინა, რომ „არსებობენ ძალები, რომელთაც ეს ხელს სრულებით არ აძლევთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button