Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას უგულავას განაჩენის გამო აკრიტიკებენ

ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგი უგულავას 38-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადებები გამოაქვეყნა.

„სამოქალაქო საქართველო“ რამდენიმე ევროპარლამენტარის კომენტარს გთავაზობთ:

„ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ქვეყანას, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა (გერმანია, მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი). მან Twitter-ზე დაწერა, რომ „შერჩევითი სამართალი, საიდუმლო სასამართლო დავები და პოლიტიკური ოპონენტების დევნა მიუღებელია და საქართველოს აზიანებს“.

„საქართველოდან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის“, – დაწერა ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა (გერმანია, ევროპის სახალხო პარტია) Twitter-ზე. „არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა კვლავ ციხეშია. გვესმის მსგავსი შემთხვევები სხვა ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგაც. რთულია იმის დაჯერება, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, ეს „საფრთხეს უქმნის კონსენსუსს საარჩევნო რეფორმაზე“.

ევროპარლამენტარტმა ნაჩო სანჩეს ამორმა (ესპანეთი, სოციალისტ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი) დაწერა Twitter-ზე, რომ „ძალიან შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო“. „ქვეყანას პოლიტიკური რეპრესიების ხანგრძლივი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, წარსული მტკივნეული აწმყო ხდება“, – აცხადებს სანჩეზ ამორი და ხაზს უსვამს, რომ „ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი და, მათ შორის, უგულავა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხის საკანში“.

12 თებერვალს უგულავას განაჩენის შესახებ ევროპარლამენტარების რიგი კომენტარები, ევროპარლამენტის ლიბერალურმა ჯგუფმა – „განახლებულმა ევროპამაც“ – გამოაქვეყნა, სახელწოდებით – „საქართველო: დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის გასაჩუმებლად ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტოს“.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა (ლიეტუვა, განახლებული ევროპა), რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის წევრია, განაცხადა: „ცოტა ხნის წინ, ქართული ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, შეშფოთებულნი ვართ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ქვეყანა ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ლიდერი იყო“. მან ასევე აღნიშნა: „მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს გამოიჩინოს კეთილი ნება და ღიაობა და სრულად ჩაერთოს ოპოზიციასთან პოლიტიკურ დიალოგში“.

ევროპარლამენტარმა ბერნარ გუეტამ (საფრანგეთი, განახლებული ევროპა) ხაზი გაუსვა, რომ „შემაშფოთებელია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკური ფიგურა საქართველოში, შესაძლოა, ციხეში ჩასვან, ვინაიდან საქართველო არის არა დიქტატორული, არამედ დემოკრატიული ქვეყანა, მეგობარი, რომელსაც გვინდა რომ მხარი დავუჭუროთ“. „ნუ დაუშვებთ, რომ ეს იმედი თქვენ მიმართ დავკარგოთ“, – დასძინა მანვე.

ევროპარლამენტარმა კარენ მელქიორმა (დანია, განახლებული ევროპა), რომელიც ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების დელეგაციის წევრია, ხაზი გაუსვა, რომ „სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, და საჭიროა ამ განცხადებების სერიოზულად მიღება, რათა უზრუნველყოთ საქართველოს კანონის უზენაესობის ფუნქციონირება და ხალხის ნდობის აღდგენა სასამართლო სისტემის მიმართ“. მანვე დასძინა: „ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კვლავ მჭიდრო იქნება და გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საქართველოში. თუმცა, ჩვენ ევროპარლამენტში კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას“.

რამონა სტრუგარიუმ (რუმინეთი, განახლებული ევროპა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ „გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ ახალ განაჩენს წინ, გასული წლის ნოემბერში, სამოქალაქო პროტესტის დარბევა უძღოდა“. „როდესაც დეკემბერში თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ვესწრებოდით, ჩვენ გადმოგვცეს ოპოზიციის იმ 80 წევრის სია, რომლებიც დააპატიმრეს“, – განაგრძო მან. „ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ არსებული სიტუაცია მიუღებელია“, – დასძინა მანვე.

„ოპოზიციის ხმა არ უნდა ჩაახშონ და რეფორმები, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც საარჩევნო კანონმდებლობაა, დიალოგის გზით უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა. „საქართველოში ევრონესტის ასამბლეის დროს, მმართველმა პარტიამ დაგვარწმუნა, რომ ამგვარი დიალოგი გაიმართებოდა. თუმცა, ვშიშობ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები საპირისპიროს ამტკიცებს და სათანადო დიალოგის გაგრძელების პირობებს აუარესებს, მათ შორის, ევროპულ ინსტიტუტებთან“, – თქვა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button