skip to content
ახალი ამბები

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. დღეს გამართულ ფარულ კენჭისყრაზე ირაკლი შოთაძეს მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობა ერთხელ უკვე ეკავა. მან თანამდებობა 2018 წლის მაისში მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და ფართომასშტაბიან აქციებში გადაიზარდა.

შოთაძის შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა აწ უკვე უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს შალვა თადუმაძეს ეკავა. გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა.

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე იმ 4 კანდიდატს შორის შეარჩია, რომლებიც საბჭომ 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე ასევე ფარული კენჭისყრით 10 კანდიდატიდან შეარჩია.

პროცედურის მიხედვით, საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის. მხარდაჭერის შემთხვევაში, გენერალური პროკურორის თანამდებობას იგი 6 წლის ვადით დაიკავებს. მას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საპროკურორო საბჭოს სხდომის პარალელურად, პროკურატურის შენობის წინ სამოქალაქო საზოგადოების აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის არჩევას აპროტესტებდნენ. მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივი განცხადებით, საპროკურორო საბჭოს მოუწოდებდა, რომ არჩევანი ირაკლი შოთაძეზე არ შეეჩერებინათ.

საპროკურორო საბჭომ ახალი გენერალური პროკურორობის კანდიდატურის შესარჩევად საჭირო ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 2019 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და 17 იანვარს დაასრულა.

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის ჯამში სულ 17 კანდიდატურა იყო წარდგენილი. ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button