skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად დანიშვნას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა, 16 ივლისს, 101 ხმით ორის წინააღმდეგ, მთავრი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ის ამ პოსტს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში დაიკავებს.

მთავარი პროკურორობის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ 11 ივლისს შეარჩია. საბჭოს 12-მა წევრმა არჩევანი პროკურორობის ორ კანდიდატს შორის გააკეთა. მესამე კანდიდატმა, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხსნა.

პლენარულ სხდომამდე, მთავარი პროკურორობის კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. საკომიტეტტო სხდომას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. შალვა თადუმაძემ პროკურატურის სისტემაში არსებულ პრობლემებზე, და გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა, მანვე დამოუკიდებელი პროკურატურის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღეს აშკარაა, რომ ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს ამ ინსტიტუტს, – განაცხადა თადუმაძემ.

მისივე განმარტებით, პროკურატურაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს და ეს უნდა იყოს „სამართლიანი პროკურატურა“. მანვე სამართლიანობის აღდგენის ტემპებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს, მაგრამ დაბალი ტემპით“. პროკურორობის კანდიდატმა ნორმატიული აქტების ცვლილებაზეც ისაუბრა და აღმკვეთი ღონისძიებების რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შალვა თადუმაძის კანდიდატურას უნდობლობა გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციამ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის თქმით, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ხელისუფლება უკვე მეხუთე მთავარ პროკურორს ნიშნავს და ყველა მათგანი „წავიდა სკანდალით და თითოეულს აქვს თავისი ცოდვები“. მისი შეფასებით, „ამ ადამიანების შერჩევისთვის“, მმართველმა გუნდმა და პირადად თეა წულუკიანმა „პასუხი უნდა აგოს“. ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის განცხადებით კი, თანამდებობაზე გვყავს პროკურორი, რომელიც არის ივანიშვილის გუნდის წევრი, რომელსაც აქვს „სერიოზული პრობლემა ლეგიტიმაციის და რომელსაც არ აქვს მანდატი, რომ ის რეფორმები გაატაროს პროკურატურაში, რომელიც ასე საჭიროა ამ სისტემისთვის“. მისივე განმარტებით, ეს არის საზოგადოების „დაცინვა“ და „მასხრად აგდება“.

მთავარი პროკურორის შესარჩევად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო კონსულტაციები მიმდინარე წლის 4 ივნისდაიწყო და პროცესი ერთ თვეში დასრულდა. იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი 18 კაციანი სიიდან შეარჩია და განსახილველად საპროკურორო საბჭოს 6 ივლისს გადაუგზავნა.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს არასამთავრობო სექტორმა უნდობლობა გამოუცხადა. ისინი პროცესის შეჩერებას და იმ 15 წევრიანი საპროკურორო საბჭოს რეფორმირებას ითხოვდნენ, რომელიც მთავარ პროკურორს ირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button