იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები დაასახელა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 18 ნოემბერს მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი, მათ შორის მთავარი პროკურორის ამჟამინდელი მოადგილე ირაკლი შოთაძე წარუდგინა საპროკურორო საბჭოს, რომელიც 19 ნოემბერს ერთ კანდიდატურას შეარჩევს.
დანარჩენი ორი კანდიდატია, ადვოკატები ვლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი.
საპროკურორო საბჭომ, რომელიც პროკურატურის კანონში სექტემბერში შეტანილი იმ ცვლილებების შედეგად შეიქმნა, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევისა და დამტკიცების ახალ წესებს ადგენს, წულუკიანის შეთავაზებული კანდიდატებიდან ერთი უნდა ამოარჩიოს და მთავრობას შესთავაზოს; თუ მთავრობა კანდიდატურას მოიწონებს, შემდეგ უკვე მისი განხილვები პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 6 წლით გამწესებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
დიდი ალბათობით საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძეზე გააკეთებს არჩევანს, რომელიც ქართული ოცნების სასურველ კანდიდატად მიიჩნევა; ახალი მთავარი პროკურორი ამ პოსტზე მოქმედ პროკურორს გიორგი ბადაშვილს შეცვლის. კანდიდატს საპროკურორო საბჭოს 14 წევრიდან 10-ის მხარდაჭერა სჭირდება.
საპროკურორო საბჭოში სულ 15 ადგილია, თუმცა ერთი წევრის ადგილი, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის, ვაკანტური რჩება. ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავი შეიკავეს პროცესში მონაწილეობისგან. ისინი მთავარი პროკურორის შერჩევის ახალ წესს აკრიტიკებენ, რადგან მათი აზრით, ახალი კანონი პროკურატურის დეპოლიტიზირებას ვერ უზრუნველყოფს.
საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.
საბჭოში 8 ადგილი იმ პროკურორებს უკავიათ, რომლებიც პროკურორთა კონფერენციამ დაახლოებით ერთი თვის წინ აირჩია.
საბჭოში ასევე შედის იუსტიციის საბჭოს მიერ დანიშნული ორი მოსამართლე და დეპუტატი ეკა ბესელია ქართული ოცნების უმრავლესობიდან. დარჩენილი ორი წევრი კი პარლამენტმა აირჩია.
თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოს მიმართ თავის წარდგინებაში ხსნის, თუ რის საფუძველზე შეარჩია მან თავდაპირველად შეთავაზებული კანდიდატების სიიდან სამი კანდიდატი. ეს წარდგინება ასევე მოიცავს კანდიდატთა ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერას.
შოთაძესთან მიმართებაში, მინისტრი წულუკიანი მის უპირატესობებს შორის პროკურატურაში მუშაობის გამოცდილებასა და სისხლის სამართლის სფეროში რეფორმატორული კურსის მიმართ მის მხარდაჭერას ასახელებს; „სუსტ მხარედ“ კი წულუკიანი 32 წლის შოთაძის „ახალგაზრდა ასაკზე“ მიუთითებს.
შოთაძე მთავარი პროკურორის მოადგილედ 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა. მან პროკურატურის სისტემაში მუშაობა 2006 წელს დაიწყო; 2010 წლიდან კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა სამი წლის განმავლობაში, ვიდრე მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნებოდა.