ახალი ამბები

EMC საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი არ დაუჭიროს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, რომელიც ახალი გენერალური პროკურორის შერჩევაზეა პასუხისმგებელი, რომ არ დაუჭიროს მხარი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, რომელმაც ეს თანამდებობა ხორავას ქუჩის ინციდენტთან დაკავშირებით მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად 2018 წლის მაისში დატოვა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „სისტემურ ჩავარდნაზე“ თანამდებობებზე არ უნდა ბრუნდებოდნენ.

საპროკურორო საბჭო 15 წევრს აერთიანებს და ის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენაზეა პასუხისმგებელი. მანამდე ეს ორგანო იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა, თუმცა ახალი კონსტიტუციის თანახმად, ის უწყებას გამოეყო და დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, რომელიც პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.

უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პირდაპირ უთითებდა მთავარი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში, რაც შესაძლებელია გამოხატული იყო შოთაძის უშუალო მონაწილეობაში ან მისი მხრიდან სისტემის არასათანადო მართვაში, რამაც შესაძლებელი გახადა სარალიძის საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესში პროკურატურის მაღალჩინოსნების უკანონო ზეგავლენა“.

EMC-ის თქმით, ირაკლი შოთაძის გადადგომა „მისი მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღიარებას გულისხმობდა რაც მისი როგორც მთავარი პროკურორის ლეგიტიმაციის არარსებობას უკავშირდებოდა“. „ამ ფონზე, შოთაძის კანდიდატურას არ აქვს საზოგადოებრივი ნდობა და გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა ქმნის სისტემის პოლიტიზირების კიდევ უფრო გაძლიერების რისკს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს აწ უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშვნას მხარი დაუჭირა.

საპროკურორო საბჭომ ახალი გენერალური პროკურორის შესარჩევად საჯარო განხილვები 2019 წლის 17 დეკემბერს დაიწყო. 16 იანვრის მდგომარეობით, საბჭოს 16 კანდიდატი წარედგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა. კონსულტაციების ბოლო დღე 17 იანვარია.

ახლა საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად. წარდგენილი კანდიდატის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button