Newsახალი ამბები

მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას აფასებენ 

Tags

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ის [პრეზიდენტი] შეეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს თავის გამოსვლაში. ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ეს იყო ინსტიტუციური რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ, ეს იყო საქართველოს ევროპული არჩევანი, ეს იყო ჩვენი საგარეო კურსი, ადამიანის უფლებების დაცა და სხვა მნიშვნელოვანი თემები. მე ვიტყოდი, რომ ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი მან თავის გამოსვლაში გააჟღერა. დანარჩენი, მას ჰყავს შესანიშნავი ოფისი, პრესსპიკერები და შეგიძლიათ დამატებითი კომენტარები მოიპოვოთ. მე კონკრეტულ ციტატებზე და ამონარიდებზე არ ვფიქრობ, რომ კორექტულია ჩემი მხრიდან ინტერპრეტაციების გაკეთება. ზოგადი შეფასება გითხარით – მას ჰქონდა სახელმწიფოებრივი გამოსვლა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ასახა თავის გამოსვლაში, მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო ძლიერი მხარდაჭერისკენ და ასევე მზადყოფნა გამოთქვა მეტი თანამშრომლობისთვის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში. ეს იყო ის, რაც მე დადებითად შემიძლია შევაფასო“.

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნება: „ის [პრეზიდენტი] შეეხო ყველა საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. ეს იყო ამომწურავი მოხსენება, ძალიან კარგად აქცენტირებული მოხსენება და ასევე შესანიშნავი იყო პრეზიდენტი კითხვა-პასუხში. დაისვა საინტერესო შეკითხვები პრეზიდენტის მიმართ და ამ კითხვებს გაეცა საინტერესო პასუხები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ყველა პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა პრეზიდენტის მოხსენებაში. აქედან გამომდინარე, ის სპეკულაციები, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ ოპოზიციის მხრიდან, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“.

ოპოზიციის შეფასება

სალომე სამადაშვილი – ნაციონალური მოძრაობა: „შოკისმომგვრელი იყო მისი [პრეზიდენტის] განცხადებები, იმიტომ, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ესაუბრა ოკუპაციის თემაზე გავრილოვის ვიზიტის კონტექსტში და ამის ნაცვლად, მან ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, დაიჭირა გავრილოვის მხარე ქართველი ხალხის წინააღმდეგ… დღევანდელი ხელისუფლებისა და სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგი არის მაქსიმალურად კომფორტი შეუქმნან რუსეთს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე“. 

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „განსაკუთრებული მოლოდინი ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ არ მქონია, მაგრამ მან კიდევ ერთხელ მოახერხა ამ მოლოდინის გამტყუნება. აღარ ვიტყვი იმ პირდაპირ ტყუილებზე, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ. მაგალითად, სასამართლო დამოუკიდებლობასთან ან საარჩევნო გარემოსთან ან მედიასთან და უმცირესობებთან მიმართებით… საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მე-40 წუთზე გაახსენდა ოკუპაცია… ამ ორგანიზაციაში ათეულობით პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრისთვის მაქვს მოსმენილი და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს მისცეს ღია შენიშვნა მისი გამოსვლის ფორმასთან და რეგლამენტთან დაკავშირებით“.

დავით ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტია: „ადამიანი რომელიც დანიშნულია და მუშაობს საქართველოს პრეზიდენტად ახერხებს მუდმივად გაგვაკვირვოს. მისი ყოველი გამოსვლა ქვეყნის შიგნით არის შემაშფოთებელი და ქვეყნის გარეთ არის კატასტროფული… ასეთი მდარე პოლიტიკოსი და დამზარალებელი მე არ მახსენდება“.

მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის: „ეს არის ისეთი პრეზიდენტის განცხადება, სადაც არანაირ პრინციპებზე არ არის საუბარი, არანაირ კანონის უზენაესობაზე არ არის საუბარი. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის მაამებლური და შეიძლება ითქვას კაპიტულანტური განცხადება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button