ახალი ამბები

თბილისი და საერთაშორისო პარტნიორები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას გმობენ

Tags

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორის ე.წ. რაიონული სასამართლოს მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ოფიციალური თბილისი და საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან და გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორთან, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, 20 დეკმებერს 1 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ოკუპირებული ცხინვალის გადაწყვეტილებას „კატეგორიულად გმობს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აცხადებს: „უკვე არსებული რაც კი რესურსი იყო გამოყენებული, მაქსიმალურად ავამოქმედებთ“. მისივე თქმით, „ეს კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ მისი დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია და ჩვენ აუცილებლად ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გვექნება მყისიერი რეაგირება“.

„იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა, ამ ცუდ სცენართან მიმართებით აუცილებლად ავამოქმედებთ და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში“, – ამბობს ზალკალიანი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის შეფასებით, „დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის რეალურ სახეს და იგი ცალსახად მიმართულია დაძაბულობის ესკალაციისკენ“.

„ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირველივე წუთებიდან, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად ჩართულია და ყველა შესაძლო არხს, მექანიზმსა და ტრიბუნას იყენებს, რათა საბოლოო შედეგს – ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლებას მივაღწიოთ“, – აცხადებს იგი და იქვე დასძენს, რომ „ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება და სახელმწიფო კვლავაც მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ეს შედეგი რაც შეიძლება მალე დადგეს“.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განმარტებით კი, ხელისუფლება აგრძელებს „საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას“ და ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს.

„სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს“, – აცხადებს აბაშიძე.

მისივე განმარტებით, „არ დარჩენილა არცერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია“, სადაც ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი არ დაუყენებია.

„ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია – ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ქართველი ექიმისთვის პატიმრობის შეფარდებას დღეს წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც განმარტა რომ „ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება“.

უწყებისვე განცხადებით, „აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, – აცხადებენ სუს-ში.

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, „სახელმწიფომ ძირითადად გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები და ასევე გარკვეული დიალოგის ფორმატები, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლებასთანაც, ინფორმირება მოახდინეს საერთაშორისო საზოგადოების“. თუმცა, მისივე განმარტებით, „არსებობს სხვა საერთაშორისო მექანიზმებიც, რაც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ზოგადად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“.

„როგორც სახალხო დამცველი ვაპირებ მივმართო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მოვიპოვო მეტი ინფორმაცია, თუ დამატებით რა მექანიზმების გამოყენება შეიძლება, რადგანაც ეს არის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემა. აქ უნდა ჩაერთოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა შესაძლო მექანიზმი და ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ“, – აცხადებს იგი.

პრეზიდენტის შეხვედრა ელჩებთან და უცხოელი პარტნიორების გამოხმაურება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშრებით დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და „საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისვე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ასეთი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ვითარების დეესკალაციას ხელს არ უწყობს, ჩვენს რეგიონს კი, სტაბილურობა სჭირდება“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის ელჩმა საქართვეოში ჯასტინ მაკკენზიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას „შემაშფოთებელი“ უწოდა

„იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული საჭიროებები ასე სერიოზულია, მართლაც რთულია იმის გაგება, თუ ვინ ისარგებლებს ექიმისთვის პატიმრობის შეფარდებით“, – აღნიშა მან და იქვე იმედი გამოთქვა, რომ ექიმი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება და ოჯახს დაუბრუნდება.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება დაგმეს ესტონეთის ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც – ურმას რეინსალუმ, ედგარს რინკევიჩსმა და ლინას ლინკევიჩიუსმა და ექიმის „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 

დღესვე პრესკონფერენცია გამართა ტყვეობაში მყოფი ექიმის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა და განმარტა, რომ ოჯახი დღევამდელ გადაწყვეტილებას არ შეეგუება. „ადამიანი ისჯება მხოლოდ იმისთვის, რისიც სჯერა. მას არანაირი კრიმინალი, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ანუ ისჯება თავისი იდებისთვის და სწორი იდეებისთვის“, – განაცხადა მან.

მანვე საერთაშორისო ორგანიზაციებს ექიმის გამოსახსნელად გააქტიურებისკენ მოუწოდა და პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button