ახალი ამბები

სუამის ლიდერები უკრაინაში შეიკრიბნენ და ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

სუამის წევრი სახელმწიფოების – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის – მთავრობების მეთაურები 12 დეკემბერს კიევში შეიკრიბნენ და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებმა, ალექსი გონჩარუკმა, გიორგი გახარიამ და იონ კიკუმ, ასევე აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა ალი ახმედოვმა საერთო ინტერესის მქონე რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, სატრანსპორტო დერეფანი, ტურიზმი, ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენება საბაჟოზე და სუამის საქმიანობის დიგიტალიზაცია.

სუამი 1997 წელს ჩამოყალიბდა და მის შემადგენლობაში აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შედიან. მისი წევრები ძირითადად „გაყინულ კონფლიქტებზე“ და იმ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც გაერთიანების წევრ ქვეყნებს რუსეთის გვერდის ავლით ევროპულ ბაზართან აკავშირებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, პრესასთან შეხვედრისას ძირითადად წევრებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორები ძალღონეს არ დაიშურებენ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. მან სუამის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის სივრცის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი მნიშვნნელოვანი გამოწვევა სუამის წევრი ქვეყნებისთვის მათი ტერიტორიული მთლიანობაა. „მე მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ საქართველო ერთგული რჩება იმ პოზიციის, რომ ყველა კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა გახარიამ.

შეხვედრის ფარგლებში, სუამის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ „რეგიონული პროექტების და თანამშრომლობის მრავალმხრივი პროგრამების განხორციელების საქმეში“.

სხდომის შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტებს. მათ შორისაა განზრახულობათა ოქმი სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შესახებ, ასევე განზრახულობათა ოქმი სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასადასტურებლად ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების თაობაზე.

შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან

13 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, სადაც ორმა ლიდერმა თავიანთი ქვეყნების ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, ასევე ტერიტორიული და უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის თაობაზე. სტრატეგიული საბჭოს საქმიანობა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას – პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვა-უსაფრთხოებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულს.

გახარია ზელენსკის გუშინაც შეხვდა სუამის წარმომადგენლებთან ერთად. მხარეებმა ერთობლივი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და შეთანხმდნენ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ორგანიზაციის შესაძლებლობის ზრდის, სუამის შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესების და მისი შემდგომი განვითარების მიზნით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button