skip to content
ახალი ამბები

სუამის ლიდერები მოლდოვაში შეიკრიბნენ

სუამის წევრი სახელმწიფოების – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მთავრობების მეთაურები 5 ოქტომბერს კიშინეუში შეიკრიბნენ და თანამშრომლობის ფორმატის გაფართოებაზე იმსჯელეს.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა, ალი ახმედოვმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელიც სუამის ძირითადი ინიციატივების – სატრანსპორტო დერეფნისა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის უზრუნველყოფაში კოორდინირებული ზომების გამოყენებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მივმართავთ ძალისხმევას სუამის სატრანსპორტო დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მთავარი რგოლის, მიმზიდველობის და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ სუამის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების უსწრაფესი მოგვარება უზრუნველყოთ სუამის წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაურღვევლობის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ვაჭრობის მოცულობის გაზრდისთვის სუამის წევრ სახელმწიფოებს „უფრო ეფექტიანი“ ეკონომიკური თანამშრომლობა და უკეთესი სატრანსპორტო კავშირები უნდა ჰქონდეთ. „ჩვენ ეკონომიკურ თანამშრომლობას ძალიან დადებითად ვავითარებთ, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი შეფასება ასეთია, რომ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის, ალბათ, მხოლოდ 50%-ს ვიყენებთ ერთობლივად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „გაუმჯობესებისთვის დიდი სივრცე არსებობს“.

შეხვედრის დროს, ოთხმა ქვეყანამ საბაჟო სამსახურებს შორის თანამშრომლობის ოქმს მოაწერა ხელი, რომელიც საბაჟო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

სუამი 1997 წელს ჩამოყალიბდა და მის შემადგენლობაში აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა შედიან. მისი წევრები ძირითადად „გაყინულ კონფლიქტებზე“ და იმ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც გაერთიანების წევრ ქვეყნებს რუსეთის გვერდის ავლით ევროპულ ბაზართან აკავშირებს.

დღესვე, მამუკა ბახტაძე თავის მოლდოველ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, რასაც ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მოჰყვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button