ახალი ამბები

საქართველო ეუთოს მინისტრთა საბჭოს განცხადებებში  

Tags

ეუთოს რამდენიმე წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის დიპლომატებმა 5 დეკემბერს ბრატისლავაში საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 26-ე სესიაზე განცხადებები გააკეთეს.

ქვემოთ მათი განცხადებებიდან საქართველოსთან დაკავშირებული ამონარიდებია მოცემული:

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი: „საქართველოში ადამიანები იმ რეალობაში ცხოვრობენ, რომ მათ ისეთ ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხშირად უარს ეუბნებიან“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი: „აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში „ბორდერიზაციის“, ბლოკადებისა და ისეთი ინციდენტების გამო, როგორიც ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა“.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მატი ანტონენი: „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს სივრცეში – მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და მთიან ყარაბაღში გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ეს ეუთოს მთავარი მანდატია. ცოტა ხნის წინ, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე უსაფრთხოების კუთხით ვითარების გაუარესების მოწმენი გავხდით. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის აქტორს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი: „კონფლიქტი ჩვენს სივრცეში, იქნება ეს საქართველო, მოლდოვა თუ მთიანი ყარაბაღი მხოლოდ ეუთოს პრინციპების შესაბამისად უნდა მოგვარდეს“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ინე ერიკსენ სორეიდე: „ასევე არსებობს სხვა მოუგვარებელი კონფლიქტები მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში, სადაც ეუთო გარკვეულ როლს ასრულებს. საქართველოში, ეუთო უფრო დიდი როლის შესრულებასაც შეძლებდა, ჩვენ, მონაწილე სახელმწიფოებს, ამის უფლება რომ მიგვეცა“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო: „რამდენიმე დღეში, პარიზში, ნორმანდიის ოთხეულის სამიტზე, შევეცდებით, რომ ევროპაში უდიდესი კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესს მივაღწიოთ. ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი ამ მიმართულებით გზას გაუკვალავს გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოს, მოლდოვასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე: „გაჭიანურებული კონფლიქტები ეუთოს სივრცის სხვა ნაწილებში – საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში – ეუთოს პრინციპების შესაბამისად უნდა მოგვარდეს“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი: „ჩვენ კვლავ ვდგავართ საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში გაჭიანურებული კონფლიქტების გამოწვევის წინაშე. ეუთოს უნიკალური მექანიზმები გააჩნია ამ კონფლიქტებში ეფექტური შუამავლობისა და დიალოგის ხელშეწყობისთვის“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ: „ეუთოს რეგიონში უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – გაყინული კონფლიქტები საქართველოში, დნესტრისპირეთსა და ყარაბაღში და აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი კვლავ მოუგვარებელია. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე“.

აშშ-ის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფიპილ რიკერი: „რუსეთი განაგრძობს სამხედრო ძალების განლაგებას დნესტრისპირეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებების თანხმობის გარეშე. ჩვენ ერთად მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნებში და უფრო ფართო რეგიონში იმისათვის, რომ გამოვნახოთ საშუალებები მშვიდობის დასამყარებლად“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ: „ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო რუმინეთის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომ ხელი შეუშალონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მუშაობაში და მანდატის განხორციელებაში“.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი: „ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შესახებ, ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაზე, მაგრამ ეს შეუძლებელია, თუ არ გამოვასწორებთ იმას, რაც დღეს არასწორია, როგორიცაა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ასევე მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება. თუ ამ საკითხებს არ მოვაგვარებთ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება რაღაც ახლის მშენებლობის საჭიროებაზე საუბარი“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ: „საქართველოში რუსული აგრესიის დაწყებიდან 11 წლის, ხოლო უკრაინაში 5 წლის თავზე, ეუთოს წევრი ყველა სახელმწიფო თანხმდებოდა იმაზე, რომ დაეცვა საერთო პრინციპები და ვალდებულებები, დაწყებული ჰელსინკის საბოლოო აქტიდან. თუმცა, ეს რეალურად არ მოხდა და ჩვენ ვიხილეთ როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ასევე საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. უკიდურესად გვაშფოთებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაუარესებული სიტუაცია, რუსეთის უკანონო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო“.

საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ასევე გამოთქვეს ბოსნია და ჰერცეგოვინას, კვიპროსის, დანიის, ისლანდიის, ლიეტუვას, პორტუგალიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button