skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზ ბოგვერაძე და საპატრიარქოს საზოგადოებისთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ბრიუსელს ესტუმრნენ.

საპატრიარქომ 19 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპის დე-ფაქტო დედაქალაქში 17 ნოემბერს დაწყებული ვიზიტი რონდელის ფონდის მხარდაჭერით მოეწყო. განცხადებიდან ასევე ვგებულობთ, რომ  ბრიუსელს საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.

საპატრიარქოსვე ინფორმაციით, 18 ნოემბერს დელეგაციის წარმომადგენლები ნატოს სათავო ოფისში ჯეიმს აპატურაის, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, შეხვდნენ და მასთან „საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, გამოწვევეზე, თანმხვედრ სირთულეებსა და აღნიშნულ პროცესში მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართულობაზე“ ისაუბრეს.

საპატრიარქოს განცხადებით, იმავე დღეს, დელეგაციის წევრები ევროპის სახალხო (EPP) პარტიის ოფისში EPP-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაიტსა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანს, პატრიკ ვოლერსაც შეხვდნენ.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთან, მასპინძლებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, სრული მხადრაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, დელეგაციის წევრებმა ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის წევრ პარლამენტარებთანაც გაიმართეს.

რონდელის ფონდმა „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) უთხრა, რომ ბელგიის დედაქალაქში ქართული დელეგაციის ვიზიტი დღეს დასრულდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button