ახალი ამბები

ყოფილ შს მინისტრს და გენერალურ პროკურორს ბრალი წაუყენეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ, 2004 წელს მომხდარი ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, რაც სასჯელის სახედ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 2019 წლის ივნისში დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია, მეოთხე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 2019 წლის 20 ივნისს ქართული ოცნების წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლეშიც მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედება. მასთან ერთად, ამავე საქმეზე კიდევ რამდენიმე პირია დაპატიმრებული.

ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კი, რომელმაც 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლებაში ქართული ოცნების შემდეგ, საქართველო დატოვა, უნგერთში ცხოვრობს, სადაც თავშესაფარი მიიღო. საქართველოს ხელისუფლებას 2013 წლიდან მასზე, არაერთი ბრალდებით, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ამ დრომდე მის ექსტრადირებას ვერ მიაღწია.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილმა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ პატრულ-ინსპექტორმა ერთ-ერთი ავტომობილის შემოწმებისას შემთხვევითი გასროლით მოკლა მოქალაქე ბუტა რობაქიძე, „შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე“.

უწყების განცხადებით, ოქრუაშვილის დავალების შესაბამისად, „შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში“.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, 2018 წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და, სხვდასხვა ვადით, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ, მისთვის ახალი ბრალის წარდგენას ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ. მათი თქმით, ივანიშვილს ოქრუაშვილის გათავისუფლების „ეშინია“, ახალი ბრალის წარდგენა კი, ოქრუაშვილისთვის პატიმრობის გახანგრძლივებას ემსახურება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button