ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“ დააფუძნა

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს ახალი პოლიტიკური მოძრაობის – „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა.

მოძრაობის დამფუძნებლებს შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი და კოტე კემულარია, რომლებიც 2004-2007 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ, ასევე 2011-2016 წლებში ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გუბაზ სანიკიძე და პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი გელბახიანი, რომელიც სხვადასხვა დროს აჭარის ყოფილი მმართველის – ასლან აბაშიძის, მოგვიანებით კი, სააკაშვილთან დაპირისპირებული ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური პარტნიორი იყო.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერებმა დღეს საკუთარ მიზნებზე, მოძრაობის საქმიანობის პრინციპებსა და სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მათ მოძრაობის მთავარ ამოცანად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლების შეცვლა დაასახელეს.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, იქმნება საერთო ეროვნული მოძრაობა, რომელიც საქართველოს იმ მოქალაქეებს გააერთიანებს, ვისაც ბრძოლისა და წინსვლის სურვილი აქვს და ვინც „ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრებს“ ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას და 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისათვის „იღვაწებს“.

„ოლიგარქების დრო წავიდა… ერთად ჩვენ აუცილებლად შევქმნით გამარჯვებულ საქართველოს“, – განაცხადა მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა, კოტე კემულარიამ.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით კი, ახალ მოძრაობას აქვს ამბიცია, შექმნას „ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა, იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში [არსებული] მდგომარეობა“. მისივე განმარტებით, ახალი მოძრაობა არ არის ერთ ადამიანზე ან რამდენიმე ადამიანის „ვერტიკალზე აგებული პოლიტიკური სტრუქტურა“.

ახალი მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ აპირებენ ითანამშრომლონ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, იმ „პრინციული საკითხის“ გათვალისწინებით, რომ გაყალბების შემთხვევაში ისინი არჩევნების შედეგებს „არ აღიარებენ“.

ოქრუაშვილის განმარტებით „გამარჯვებული საქართველო“ თავის პოლიტიკურ ხედვას დეტალურად ოქტრომბერში, დამფუძნებელ ყრილობაზე წარადგენს. მანამდე კი, ივლისის ბოლოდან მოძრაობის ლიდერები მხარდაჭერის მოსაპოვებლად რეგიონებში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button