ინტერვიუმოსაზრებაპარტნიორებისგან

„რუსული დეზინფორმაციის მიზანი დემოკრატიისადმი რწმენის შერყევაა“ – ინტერვიუ რიჩარდ სტენგელთან

„რუსული დეზინფორმაციის ისეთი ცუნამი, როგორიც 2014 წელს, ყირიმის მოვლენებისას ვიხილეთ, აქამდე არასდროს გვინახავს“, – ამბობს რიჩარდ სტენგელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე საჯარო დიპლომატიის საკითხებში. სტენგელმა, რომელიც წლების განმავლობაში ჟურნალ „ტაიმის“ რედაქტორი იყო, გასულ კვირას ახალი წიგნი წარმოადგინა. რატომ დავმარცხდით მზარდ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში? ამ და სხვა საკითხებზე წიგნის ავტორს, დიპლომატს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ეკა მაღალდაძე ესაუბრა.

ეკა მაღალდაძე: თქვენი წიგნის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, თუ როგორ დავმარცხდით გლობალურ ბრძოლაში მზარდ დეზინფორმაციასთან? რატომ ფიქრობთ, რომ ამ ბრძოლაში დავმარცხდით?

რიჩარდ სტენგელი: ეს უწყვეტი ბრძოლაა. მაშინაც კი, თუ აგებ, არ ნიშნავს, რომ [საბოლოოდ] მარცხდები. წიგნის ეს ქვესათაური 2014-16 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილებიდან მოდის.

დეზინფორმაციის ეს ცუნამი პირველად სწორედ მაშინ, 2014 წელს ვნახე, ყირიმის ანექსიის თემის შესახებ. მთელი ცხოვრება მედიაში ვმუშაობდი, ვიყავი ჟურნალ „ტაიმის“ რედაქტორი და [ამ მასშტაბის] რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა მანამდე არასდროს მენახა. ამის შესწავლისას წავაწყდით სანკტ-პეტერბურგში შექმნილ „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს,“ ვნახეთ, როგორ ავრცელებდნენ რუსები ტყუილებს ყირიმის შესახებ. საბოლოოდ კი ვიხილეთ, როგორ რუსულ [მოქმედებაში] გადაიზარდა ეს ყველაფერი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაშინ ჩვენ არც დრო გვქონდა და არც ცოდნა, ამის საწინააღმდეგოდ რამე მოგვემოქმედებინა.

რუსებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოში, უკრაინაში და გერმანიასა და საფრანგეთშიც კი დეზინფორმაციის შექმნა-გავრცელების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. მაგრამ ხშირად ეს იყო რუსულად, უკრაინულად, თუ სხვა ენებზე. ამჯერად კი მათი დეზინფორმაციის მთავარი მიზანი პუტინის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შესახებ ნარატივის შეცვლა იყო.

როგორ აღიქვა ამერიკის ხელისუფლებამ რუსეთის ეს ნაბიჯები? და რა ზომები იყო მიიღო მან, როცა აღმოაჩინა, რომ ინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად გამოიყენებოდა?

რუსეთისა და მისი ე.წ. „აქტიური ზომების” შესახებ დაზვერვას ინფორმაცია დიდი ხანია აქვს. ცივი ომის დროიდან მოყოლებული, ვიცით, რომ მათ  დასავლეთისა და ნატოს ერთობის დარღვევა სურთ. ჩვენ ვხედავდით, რას აკეთებდა რუსეთი მის სამეზობლოში, ევროპაში და შემდეგ, როდესაც დავინახეთ, რომ ეს 2016 წელს ჩვენამდე მოვიდა, ცოტა არ იყოს, უკვე გვიანი იყო.

რამ ითამაშა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ რუსული დეზინფორმაციის მანქანა ასე გაძლიერდა და ეფექტური გახდა? როგორ შეაღწია მან ასე ძლიერად ამერიკის დემოკრატიასა და საარჩევნო პროცესებში?

არ ვფიქრობ, რომ ის ძალიან წარმატებული იყო. არც ის მგონია, რომ ის ძალიან დახვეწილი ან კომპლექსურია. პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ ჩვენ არა ვართ საკმარისად მომზადებულები. დეზინფორმაცია მხოლოდ მიწოდების პრობლემა არაა, ეს მოთხოვნის პრობლემაცაა. პრობლემაა ფაქტსა და გამონაგონს შორის განსხვავების გარჩევის უნარის ნაკლებობაც. სულ ვამბობ ხოლმე, ჩვენ არ გვაქვს ყალბი ახალი ამბების პრობლემა, ჩვენ გვაქვს მედია-წიგნიერების პრობლემა. ხალხს არ ესმის, საიდან მოდის ინფორმაცია.

ვფიქრობ, რუსები ჩვენსავე გულუბრყვილობასა და გულგრილობას იყენებდნენ ჩვენ წინააღმდეგ. დეზინფორმაციული მასალები ხშირად სულაც არ იყო გამართული ინგლისურით დაწერილი, ამ და სხვა მიზეზებით, ადვილი მისახვედრი უნდა ყოფილიყო ბევრი რამ, მაგრამ ხალხი, ვისთვისაც ეს იყო გამიზნული, ამ განსხვავებას ვერ ხედავდა.

რატომ არის დეზინფორმაიცია ასეთი დიდი საფრთხე დემოკრატიისათვის? როგორია ეს საფრთხე გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის? ჩვენ ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია ისეთი განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებზეც მოქმედებს, როგორებიც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები თუ ამერიკაა?

ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის თანხმობით მოქმედებს, რომ ხელისუფლებას ხალხი ირჩევს. ძალაუფლების გადაცემის ეს თანხმობა ეფუძნება ფაქტებს, ინფორმაციას. დამოუკიდებელ ადამიანებს ინფორმაცია სჭირდებათ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. როცა ეს ინფორმაცია დამახინჯებულია, დამაბნეველია, მაშინ არჩევანი აღარც გონივრულია და აღარც სამართლიანი და კანონიერი, ესაა პრობლემა. დემოკრატია ეფუძნება ადამიანს, რომელიც ინფორმირებულ არჩევანს აკეთებს.   სწორი, ნამდვილი ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლა ამისათვის აბსოლუტურად აუცილებელია.

აღმოსავლეთ ევროპაში რუსული დეზინფორმაცია ხშირად ეთნიკურ განსხვავებებსა თუ სხვა დამაპირისპირებელ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. დეზინფორმაცია ზოგჯერ სამხედრო აგრესიის წინაპირობებსაც კი ქმნიდა. თქვენი აზრით, რას იყენებს კრემლი ყველაზე ეფექტურად წარმატებული [საინფორმაციო] კამპანიისთვის?

რუსები ცდილობენ უკვე არსებული, რთული და დამყოფი საკითხების გააღრმავებას, როგორც ამას ამერიკაში რასობრივ საკითხებთან დაკავშირებით აკეთებდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში კი ამას აკეთებენ ხალხებს შორის, მაგალითად, რუსულად მოსაუბრე და სხვა ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობას შორის, სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების ჯგუფებს შორის [დაპირისპირებების გაღრმავებას] და ა.შ. ეს ძალიან საშიშია. ვფიქრობ, სოციალური მედიის კომპანიებმა, რომლებიც ამა თუ იმ პლატფორმას ფლობენ, უნდა იმუშაონ იმის გამოსავლენად, თუ რა ინფორმაცია მოდის ადამიანებისგან და რა – „ბოტებისგან“, ავტომატიზირებული ონლაინ-ანგარიშებისაგან. ის ინფორმაცია, რომელიც დასტურდება, რომ ყალბია, პლატფორმებიდან უნდა მოიხსნას.

დეზინფორმაციას სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმი მეტნაკლებად მსგავსი, მაგრამ ალბათ მაინც განსხვავებული, კონკრეტული მიზნებისთვის იყენებს. როგორ ფიქრობთ, რა არის რუსული დეზინფორმაციული მანქანის მთავარი მიზანი და როგორ უნდა დავუპირისპირდეთ მას?

მათი მიზანი დასავლეთში დემოკრატიებისთვის, ნატოსთვის, ევროკავშირისთვის ძირის გამოთხრა. მათი მიზანია დემოკრატიისადმი ხალხის რწმენის შესუსტებაა, იმ რწმენის, რომ დემოკრატია მუშაობს, რომ ინდივიდუალურ არჩევანს მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, სურთ, რომ მათი მმართველობის რეჟიმი, რომელიც ავტოკრატიულია და არა დემოკრატიული, წარმოადგინონ, როგორც უკეთესი არჩევანი, ვიდრე – დემოკრატიაა. საბოლოოდ, ისინი [არსებული] უკმაყოფილების იარაღად ქცევას ცდილობენ. სურთ უბედურებისა და უკმაყოფილების დათესვა საზოგადოებაში. როგორც პოლიტიკური მეცნიერები 500 წელია ამბობენ, რუსეთი თავს დაცულად მაშინ გრძნობს, როდესაც მის ირგვლივ მყოფი ქვეყნები დაუცველები არიან. მათ სწორედ ეს უნდათ, რომ მათ სამეზობლოში ქვეყნები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ.

ვფიქრობ, საჭიროა რუსეთის გაფრთხილება, რომ ასე არ მოიქცეს, საჭიროა სანქციების გაგრძელება და მცდელობა, შევაჩეროთ მცდარი ინფორმაციის შემოდინება. ამასთან, მედია-წიგნიერების გაზრდა. რაც უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს და მეტს ეცოდინება, რომ მიღებული ინფორმაცია შესაძლოა არა ამერიკელებისგან, არამედ რუსებისგან, ჩინელებისგან ან ირანელებისგან მოდიოდეს, მით უფრო კარგი იქნება. ხალხმა უნდა დაიწყოს იმის განსხვავება, რა ჩანს უფრო სანდო და რა – არა, რა არის ფაქტებზე დაფუძნებული და რა – არა, – ეს მოგვიტანს ცვლილებებს. მთავრობებმა, ინსტიტუტებმა და სოციალური მედიის კომპანიებმა შესაძლოა იმუშაონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც საზოგადოება, ადამიანები წყვეტენ, სანდოა თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია.


მასალა „სამოქალაქო საქართველოსთვის“ (Civil.ge) ამერიკის ხმამ მოამზადა. მასალაზე ნებართვისა და სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადამ გარტნერს.

This post is also available in: Русский (რუსული)

Via
ამერიკის ხმა
პირველწყარო
სტენგელი: რუსეთის მიზანი დემოკრატიისადმი რწმენის შესუსტებაა

მსგავსი/Related

Back to top button