skip to content
ახალი ამბები

„რუსთავი 2“-ისთვის ზარალის მიყენების საქმეზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი მეორედ დაუმძიმა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმა. ამჯერად საგამოძებო უწყება მას „თავისი გამორჩენის მიღების მიზნით“, ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხელძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

გენერალური პროკურატურის მიერ პირველ ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2019 წლის თებერვალში, ნიკა გვარამიამ „მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის“ „პორშეს ცენტრში“ 76 700 ევროს ღირებულების ახალი ავტომობილი „Porsche Macan S“ შეარჩია და თავისი ნდობით აღჭურვილი პირის ზურაბ გუმბარიძის მეშვეობით, რომელიც ახლა ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორია, „პორშეს ცენტრს“ ავტომობილის მისთვის მოყიდვა „რუსთავი 2“-ის ეთერში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შესთავაზა. ამასთან, პროკურატურისვე განმარტებით, ნიკა გვარამიამ „პორშეს ცენტრს“ სარეკლამო სააგენტო შპს „პროესკო მედიას“ მეშვეობით, სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების შეღავათიან ფასად განთავსებაც შესთავაზა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ შეთანხმებისამებრ, „პორშეს ცენტრსა“
და შპს „პროესკო მედიას“ შორის ხსენებული ავტომობოლის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა და ის ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის საკუთრებაში გადავიდა, ფორმალურ მესაკუთრედ კი, შპს „პროესკო მედია“ დაფიქსირდა. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ იმავე დღეს „პორშეს ცენტრსა“ და „პროესკო მედიას“ შორის 76 700 ევროს ღრებულების სარეკლამო მომსახურების შეთანხმებაც გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, „შეთანხმებისამებრ“, „რუსთავი 2“-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეღავათიან ფასად ხდებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო სრულად უხდიდა „პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა „რუსთავი 2“-ში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას“, – აცხადებენ პროკურატურაში და იქვე განმარტავენ, რომ აღნიშნულით ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა საკუთრებაში ძვირადღირებული ავტომობილი მიიღო, „რუსთავი 2“-ს კი, „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“ მიადგა.

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი საგამოძებო უწყებაში გუშინ, საღამოს შვიდ საათზე გააცნეს. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ სადავო ავტომობილი მას არ უყიდია, განვადებით ჰყავდა გამოყვანილი, შესაბამისი თანხა ვერ გადაიხადა, რის გამოც ჯარიმებს ამ დრომდე იხდის.

მანვე საქართველოს პროკურატურას „დანაშაულებრივი ორგანიზაცია“ უწოდა და თქვა, რომ დაპატიმრების შეთხვევაში, მისი „დროებით განეიტრალება“ მოხდება, თუმცა „ივანიშვილის განეიტრალება ბევრად უფრო ახლოს მოიწევს“. „ჩემი ამოცანა და მისია არის ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა, ან ციხეში მოხვედრა. როგორც უნდა, ისე მოიქცეს. მთავარი ის არის, ვინ გაიმარჯვებს ბოლოს და ეს მე ვარ, რა თქმა უნდა“, – დასძინა გვარამიამ.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, „რუსთავი 2“-ისთვის „დიდი ზიანის“ მიყენების შესახებ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. 6 სექტემბერს კი, პროკურატურამ საქმის კვალიფიკაციას კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება დაუმატა და ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმა.

„რუსთავი 2“-ის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button