Placeholder canvas
ახალი ამბები

სუს-ის უფროსი რუსულ ოკუპაციაზე, ტერორიზმსა და 20 ივნისის მოვლენებზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზს“ 50 წუთიანი ინტერვიუ მისცა, სადაც რუსულ ოკუპაციაზე, ტერორიზმის საფრთხეებზე, 20 ივნისის მოვლენებსა და სხვა აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრა.

რუსული ოკუპაცია

სუს-ის უფროსის აზრით, „ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია“, რომელიც საქართველოში არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ ეკონომიკის განვითარებასაც ვნებს. ლილუაშვილის თქმით, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში „ცოტა რთულია“ განხორციელდეს მთავრობის სურვილი, შეამსუბუქოს არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ფონი, მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით.

სუს-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთი ცდილობს ოკუპაციით შეასუსტოს საქართველოს სტაბილურობის განცდა და „შეუშალოს ხელი ჩვენს ქვეყანას ინტეგრირდეს დასავლურ-ევროპულ ღირებულებებში“.

ლილუაშვილმა ბორდერიზაციასა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზეც ისაუბრა: „ჩვენი მთავარი სადარდებელი და პრობლემა ისაა, რომ საერთოდ არსებობს გამყოფი ხაზი და იქ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები დგანან და არა ის, ორი მეტრით გადმოწევენ თუ სამი მეტრით საოკუპაციო ფორტიკიკაციას“.

„სამწუხაროდ, იმის პედალირებით, რომ გამყოფი ხაზი გადმოწეულია ორი მეტრით, როცა უნდა იყოს ორი მეტრის იქეთ, ამით ლეგიტიმაციასაც კი ვახდენთ იმისას, რომ თურმე, გამყოფი ხაზი საერთოდ უნდა არსებობდეს,“ დაამატა სუს-ის უფროსმა.

გრიგოლ ლილუაშვილმა ასევე უარყო ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მოწოდება, გამყოფ ხაზთან განლაგდნენ დამცავი ქვედანაყოფები, რომლებიც ამ „ბორდერიზაციას ძალის გამოყენებით შეუშლიან ხელს“. მისი აზრით, „სწორედ ეს უნდა მტერს, რომ გამყოფი ხაზის აქეთაც განლაგდნენ შეიარაღებული პირები, რომლებიც ასოციაციას გამოიწვევენ ფსევდო-საზღვრის არსებობისა“.

სუს-ის უფროსმა ისიც თქვა, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ განლაგებული „საუკეთესო დანაყოფები ოკუპანტი ქვეყნისა“, ართულებენ ნებისმიერ ჰუმანიტარულ ქმედებას, რომელმაც შეიძლება „ხელი შეუწყოს ოს და აფხაზ ძმებთან საუბარს“. ამ კონტექსტში, ლილუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში „უპრეცედენტო კონტროლია დაწესებული ადამიანების თავისუფალ გადაადგილებზე, მათ გამონათქვამებზე, ქცევაზე… მიდის კოლოსალური ცენზურა იმის საწინააღმდეგოდ, რომ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთ ძმურ სახელმწიფოში“.

სახელმწიფო საზღვრები, პანკისი, სირია და ტერორიზმი

ინტერვიუში სუს-ის ხელმძღვანელმა საქართველოს დაუზუსტებელ სახელმწიფო საზღვრებზე, პანკისის ხეობასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

ლილუაშვილმა თქვა, რომ დაუზუსტებელი საზღვრები „ესაა სუსტი მხარე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ვინაიდან კეთილგანწყობილ მეზობლებთანაც გაგვაჩნია მოუგვარებელი საკითხები, ბოლო დროინდელი მოვლენები დავით გარეჯთან მიმართებაში – ესაა ჩვენი მძიმე მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც დაგვიტოვა სისტემამ“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად შექმნილი კომისიები „წყნარ და მშვიდ, არააჟიტირებულ რეჟიმში“ დაასრულებენ მუშაობას.

გრიგოლ ლილუაშვილმა პანკისის ხეობაზე წამყვანის მიერ დასმულ კითხვასაც უპასუხა. სუს-ის უფროსი მიიჩნევს, რომ „პანკისი არაა საფრთხის შემცველი ანკლავი, [როგორც ამას] მტერი სახელმწიფოების პროპაგანდისტები წარმოაჩენენ. იქ ცხოვრობენ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები.“

„პანკისი არაა საფრთხის შემცველი ანკლავი, [როგორც ამას] მტერი სახელმწიფოების პროპაგანდისტები წარმოაჩენენ. იქ ცხოვრობენ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები.“

პანკისის თემას ტელეწამყვანმა ტერორიზმსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე შეკითხვა მოაყოლა. სუს-ის უფროსის თქმით, სირიაში მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ამ კონტექსტში, ლილუაშვილმა თქვა, რომ დასავლეთის სახელმწიფოებისაგან თურქეთისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში, პრობლემები საქართველოს ეკონომიკასაც შეექმნება, რადგანაც ქართული საგარეო ვაჭრობა და, შესაბამისად, საქართველოს ვალუტის კურსიც თურქულ ეკონომიკასთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

ტელეწამყვანის მოსაზრებას, რომ „ჩვენი [ქართული] საზოგადოება, მხარს უჭერს და რომანტიზაციას ახდენს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანების“ სუს-ის უფროსმა უპასუხა, რომ „ეს ქცევა გამოწვეულია იმით, რომ მადლობა ღმერთს, ჩვენ მსგავსი უბედურებები არ გვქონია ქვეყანაში, რასაც ტერაქტის შედეგად მიყენებული ზიანი ჰქვია. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს არა აქვთ განცდა იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ტერორისტული საფრთხეების თავისუფალ რეჟიმში მიშვებას“.

ლილუაშვილმა დაამატა, რომ „ალბათ ჩვენ მენტალურად მოგვყვება საბჭოთა კავშირიდან, როცა [საზოგადოება] დამნაშავის მიმართ უფრო ლოიალურია და მგრძნობიარე, ვიდრე დაზარალებულის ან მსხვერპლის მიმართ“.

ჯარი, ახალგაზრდობა და პატრიოტიზმი

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ახალგაზრდობაზე, პატრიოტიზმსა და სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებაზეც ისაუბრა.

„ხშირ შემთხვევაში ხდება პატრიოტიზმისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალის მოხდის ფასეულობების დაკნინება,“ განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა და დასძინა, რომ „ჯანმრთელმა ქართველმა ახალგაზრდა კაცმა თავი აარიდოს სამშობლოს წინაშე ვალის პირნათლად მოხდას, ესაა დეზერტირობა“. მანვე დაამატა, რომ „ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ.“

„ხშირ შემთხვევაში ხდება პატრიოტიზმისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალის მოხდის ფასეულობების დაკნინება“

ლილუაშვილის თქმით, დღევანდელ ქართველ ახალგაზრდობას გონებრივად მართალია „ვერაფერი დაეწუნება“, თუმცა მათ „ეროვნულობის განცდა აკლიათ“. სუს-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეძლებული ფენის ოჯახები თავიანთ შვილებს ნაკლებად უშვებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რადგანაც „ეს ჩვენთან არამოდურად მიიჩნევა“.

სუს-ის უფროსმა დაამატა, რომ „ბავშვი, რომელიც ვერასოდეს ვერ ემთხვევა საკუთარ დროშას, ბავშვს, რომელსაც გააზრებული არ ექნება მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ჰიმნი… და ღირებულებები, რომლებიც ქვეყნის ატრიბუტიკასთან გამოხატვით შეიძლება რომ შეაგრძნობინო, აი, ესენი ყველაფერი უცხო იქნება ჩვენი მომავალი თაობისათვის.“

სუს-ის უფროსმა 2018 წლის ნოემბერში, სოფელ ატოცში, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, პარტია „გირჩის“, სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ და „ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს მიერ გამართული აქციის მონაწილეებიც გააკრიტიკა, რომლებმაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ზურგი აქციეს და შარვლები ჩაიხადეს. ლილუაშვილმა თქვა, რომ არცერთ მათგანს სამხედრო სამსახური არა აქვს გავლილი, რადგან „წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მეეჭვება, ქართველ კაცს შარვალი ჩაეხადა და უკანალი ეჩვენებინა თუნდაც მტრისათვის“.

20-21 ივნისის მოვლენები

ლილუაშვილმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თქვა, რომ „ნებისმიერი ძალის არსებობა, რომელიც დესტრუქციული ქმედებებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას, ჩვენთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა“.

„ივნისის მოვლენების დროს იყო [გადატრიალების] რეალური საფრთხე, ამ რისკის წინაშე იდგა ქვეყანა, ჩვენ ნანახი გვაქვს და ვიცით, რომ სიკეთე ამას არაფერი არ მოაქვს, შესაბამისად, ძალიან მკაცრნი ვიქნებით, შეუბრალებელნი, თუკი სამომავლოდ რომელიმე ძალა, მათ შორის პოლიტიკური, შეეცდება მსგავსი პროცესების განმეორებას. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელნი ამ პროცესის მიმართ“, – დასძინა მან.

„ივნისის მოვლენების დროს იყოს [გადატრიალების] რეალური საფრთხე, ამ რისკის წინაშე იდგა ქვეყანა“

ლილუაშვილის თქმით, სწორედ პოლიტიკური ოპონენტების მსგავსი „ცუდი პრაქტიკის“ გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები ჭარბად ჩნდებიან თავშეყრის ადგილებსა და მიტინგებზე. „ჩვენი თანამშრომლები იქნებიან ყოველთვის იქ, სადაც მოიპოვებენ ინფორმაციას, და ამ ინფორმაციის გადამუშავების შედეგად, მორეაგირე უწყებებს, მივცემთ სწორ დასკვნას და ანალიზს, რომ თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, გადატრიალება და ნებისმიერი უბედურება, რამაც შეძლება ჩამოშალოს ჩვენი ქვეყანა“, თქვა მან.

ომი, მშვიდობა და რუსეთთან დიალოგი

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას ამჟამინდელი ხელისუფლების პრაგმატული საშინაო და საგარეო პოლიტიკა შეაქო და თქვა, რომ მისი დამსახურებით, ქვეყანამ ბოლო 7 წლის განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრება ისე მოახერხა, რომ სანაცვლოდ ტერიტორიები არ დაეკარგა: „მადლობა ღმერთს და დიდება უფალს, რომ ეს [მშვიდობიანობის] ციკლი, ამ შემთხვევაში, განაპირობა მოქმედმა ხელისუფლებამ თავისი გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ხარჯზე.”

რუსეთთან საქართველოს შესაძლო დიალოგზე კი მან აღნიშნა, რომ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შესამაბისი უწყებები „ლოკალური ხასიათის შეხვედრებზე“ ესაუბრებიან რუსეთის წარმომადგენლებს. ლილუაშვილის თქმით, „თუკი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, რომ უნდა ესაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისაკენ გადაიდგას ნაბიჯები“. აქვე, ლილუაშვილმა აღნიშნა, „90% საჯარო მოხელეებისა, მათ შორის, პოლიტიკოსებისა“ არის პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან „ბულინგის მსხვერპლი“, რომლის მიზანიცაა ქვეყანამ რუსეთთან არ ისაუბროს.

უსაფრთხოება თუ სამოქალაქო უფლებები?

ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტმა უსაფრთხოების ხელმძღვანელს ჰკითხა, თუ როგორ უყურებს იგი სამოქალაქო უფლებებზე უარის თქმას უსაფრთხოების სასარგებლოდ.

ამაზე ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „კატეგორიულად მიუღებელი ბუნებრივია [უსაფრთხოების სასარგებლოდ სამოქალაქო უფლებებზე უარის თქმა] ვერ იქნება, [თუმცა], სწორი ბალანსია შესარჩევი. დაბალანსებული პოლიტიკა, დასავლური ღირებულებების მიმართ, მათ შორის, ადამიანის უფლებების მიმართ, არ გულისხმობს, რომ უსაფრთხოების ჭრილში განსახილველი საკითხები გადავდოთ გვერდზე და არ გავითვალისწინოთ“, თქვა მან.

„თუ სასწორზე დავდებთ [ერთი მხრივ] უსაფრთხოების რისკებს და მეორე მხრივ, კონკრეტული ინდივიდების აღიარებულ უფლებებს, სასწორი მაინც უნდა გადაიწონოს უსაფრთხოების სასარგებლოდ“.

„თუ სასწორზე დავდებთ [ერთი მხრივ] უსაფრთხოების რისკებს და მეორე მხრივ, კონკრეტული ინდივიდების აღიარებულ უფლებებს, სასწორი მაინც უნდა გადაიწონოს უსაფრთხოების სასარგებლოდ“, განაგრძო სუს-ის უფროსმა და დაამატა რომ არ ემხრობა იმას, რომ რომელიმე მთავრობამ ეს არგუმენტი დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენოს და „ადამიანის უფლებების შემლახველი მანქანა“ ჩამოაყალიბოს.

ამ კონტექსტში, ლილუაშვილმა ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა „ამას ძალიან წარმატებით ახერხებდა, სხვათა შორის, წინა ხელისუფლება, როდესაც უსაფრთხოების ეგიდით, ფეხქვეშ იყო გათელილი ნებისმიერი უფლება, რომელიც ადამიანს მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით. „ყველანი ციხეში“ აი, ეს იყო დევიზი მთავრობისა, მე არ ვისურვებდი მთავრობებს, რომელთაც მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებისაკენ ექნებათ სასწორის პინა გადახრილი.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button