Placeholder canvas
ახალი ამბები

ღარიბაშვილი ბრიუსელში სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24-25 ოქტომბრის ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გუშინ ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერს და თავის კოლეგებს შეხვდა ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ცოტახნისწინანდელი ვიზიტი საქართველოში „შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა“.

ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, სადაც ავღანეთთან მიმართებაში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და საკითხის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„ყველა ჩვენი კოლეგა დიდი მადლიერებით აღნიშნავს, რომ ჩვენი გმირი სამხედროები ავღანეთში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან მშვიდობის და უსაფრთხოების დასაცავად“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა ღარიბაშვილმა ბრიუსელში თავის კოლეგებთან ფინეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, უკრაინიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ნატოში აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელთან, ქეი ბეილი ჰაჩისონთან შეხვედრაზე მან აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრების შემდეგ ღარიბაშვილმა დაწერა Twitter-ზე, რომ ნატოს გენერალური მდივანი, ასევე მისი კოლეგები „ერთხმად აღიარებენ“ საქართველოს რეფორმებს და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button