ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევას სთხოვს

Tags

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის გაწვევის თხოვნით მიმართავს.

შესაბამისი წინადადება დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა და მიზეზად დოლიძის „პოლიტიკური საქმიანობა“ დაასახელა, რაც მისივე შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ გვრიტიშვილის ინიციატივას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. დოლიძის გაწვევის შესახებ მიმართვას ხელი მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა არ მოაწერეს.

საბჭოს გადაწყვეტილებას დღეს ანა დოლიძემ ბრიფინგით უპასუხა. მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ქართული ოცნების ინტერესების განმახორციელებელი უწოდა და განმარტა, რომ კანონით საბჭოს პრეზიდენტისთვის მისი გამოწვევის მოთხოვნით მიმართვის უფლება არ აქვს.

მანვე მისი პოლიტიკური აქტივობის შესახებ გვრიტიშვილის არგუმენტსაც უპასუხა და თქვა, რომ იგი საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული და არა – პოლიტიკურით. „მე ვაქტიურობ საზოგადოებრივად და სამოქალაქოდ უამრავ საჭირბოროტო თემაზე და ამის გაჩერების შესაძლებლობა არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და ამ სიამოვნებას მე ვერც ამ ხელისუფლებას მივანიჭებ“, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ „პოლიტიკური დევნის“ გამოხატულებაა და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება „იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება იგი პოლიტიკური დევნის ნაწილი, ან რამდენად იქნება სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს“.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის ადმინისტრირებისთვის შექმნილი დამოუკიდებელი ორგანოა, 4 წლის ვადით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საბჭოს წევრთგან ერთს, კონკურსის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 2018 წლის 8 იანვარს სწორედ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაინიშნა და უფლებამოსილების შესრულებას 17 იანვარს შეუდგა. 

ანა დოლიძე ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ მანკიერ მხარეებზე აქტიურად საუბრობდა და სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზეც მიუთითებდა. ასევე, იგი სხვადასხვა საკითხის თაობაზე, მოქმედი ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებებით გამოდიოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button