skip to content
ახალი ამბები

თბილისში გერმანიის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც 6-8 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, დღეს თავის ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა და ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მათ საოკუპაციო ხაზის გასწვრი სიტუაციის დეესკალაციის საჭიროებაზე და გამოსავლის გამოძებნაზე ისაუბრეს.

ზურაბიშვილმა არსებულ ფორმატებში მოლაპარაკებების გაძლიერებისკენ და საქართველოს საკითხის იმ მოლაპარაკებებზე დაყენებისკენ მოუწოდა, სადაც სხვა კონფლიქტებზეც მიდის მსჯელობა.

დღესვე, გერმანიის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. მოგვიანებით, იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.

საქართველოდან გამგზავრებამდე, ხვალ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მუხრანში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდება და ცხინვალის მახლობლად მდებარე საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button