Placeholder canvas
Newsახალი ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები გამართეს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, 8-9 ოქტომბერს დაგეგმილი დისკუსიების წინ, 16-18 სექტემბერს თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები გამართეს.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თბილისის შეხვედრა

16 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის ცხინვალის მიერ დანარჩენ საქართველოსთან გამშვები პუნქტების დახურვაზე, ასევე ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს გარშემო არსებულ დავაზე გაამახვილეს ყურადღება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების „რეგულარულ დარღვევებს“, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. „ხაზი გაესვა ასევე ახალგორში მცხოვრები ადამიანების, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების უხეშად შელახვის ფაქტებს“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.

ქართულმა მხარემ კვლავ მწვავედ დააყენა ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე „მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა“.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების „ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“ განახლების აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი საქართველოს ერთგულება და თანათავმჯდომარეებს მიმართა „ძალისხმევის შემდგომი გაძლიერების თხოვნით, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გზით შესაძლებელი გახდეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა“.

ცხინვალის და სოხუმის შეხვედრები

17 სექტემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა „საზღვარზე არსებულ კრიზისზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველოს პროვოკაციული და უკანონო ქმედებები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას“. ბიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველო „არაკონსტრუქციულ ქმედებებს“ ახორციელებს და მოუწოდა თანათავმჯდომარეებს, რომ აიძულოს ქართული მხარე, რომ „აიღოს უკანონო საგუშაგო“, რაც ადგილზე შემდგომ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

სოხუმის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე თანათავმჯდომარეებს 18 სექტემბერს შეხვდა. კოვემ შეშფოთება გამოხატა „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვარზე“ არსებული ვითარების გამო. შეხვედრის მონაწილეებმა ჰუმანიტარულ საკითხებზე, თავისუფალ გადაადგილებაზე, ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე და სხვა იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც ოქტომბრის დისკუსიებზე იქნა დაყენებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button