Placeholder canvas
ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გამშვები პუნქტების დახურვა დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და შემდგომ დაძაბულობას იწვევს“, – ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ 15 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მათ „კონტაქტი აქვთ ყველა შესაბამის აქტორთან და მოუწოდებენ მათ, თავი შეიკავონ ისეთი ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისგან, რასაც უარყოფითი ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობისთვის და ადგილზე სტაბილურობას უქმნის საფრთხეს“. მათ ასევე მოუწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს „უსაფრთხოებისა და დიალოგის არსებულ მექანიზმებში კონსტრუქციულად ჩაერთონ და ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარების გზები ეძებონ“.

თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას არ შეექმნას დამატებითი სირთულეები და უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების სრული პატივისცემა“. „ვაპირებთ, რომ ეს და სხვა საჭირბოროტო საკითხები მომავალი კონსულტაციების დროს განვიხილოთ“, – აღნიშნეს მათ.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 11 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ცხინვალმა, „ცოდნის დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დროებით დახურვის შესახებ განცხადება 3 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ოკუპირებული ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის რიგ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მხრიდან დაძაბულობის ზრდისა და აქედან მომდინარე ოპერატიული ვითარების გართულების გამო“, ე.წ. რაზდახანის (ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი მოსაბრუნი) და სინაგურის (საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სოფელი) გამშვები პუნქტები დროებით იკეტებოდა. ამავე განცხადების თანახმად, გამშვები პუნქტები ფუნქციონირებას „ვითარების ნორმალიზების შემდეგ“ განაახლებენ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, რეგიონში ხუთი გამშვები პუნქტია შემდეგ სოფლებში: სინაგური (საჩხერის რაიონი), ქარზმანი (საჩხერის რაიონი), ზარდიანთკარი (გორის რაიონი), ერგნეთი (გორის რაიონი) და ოძისი (დუშეთის რაიონი). ეს უკანასკნელი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება და ყოველდღიურად მას 400 ადამიანი იყენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button