ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

Tags

ოპოზიციის, მმართველი გუნდისა და საზოგადოების კრიტიკის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს და შესაბამისი კრიტერიუმებისა და წესების ჩამოსაყალიბებლად პარლამენტს მიმართავს.

18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას საკითხთან მიმართებით „საზოგადოების წუხილი“ ესმის და დასძინა, რომ როდესაც საზოგადოება მის „რომელიმე გადაწყვეტილებაზე შფოთავს“, ეს მისი წუხილიცაა.

ზურაბიშვილმა იქვე განმარტა, რომ შეწყალება არა ვინმეს გამართლების ან სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილების რევიზია, არამედ პრეზიდენტის პერსონალური, სუბიექტური გადაწყვეტილება და ადამიანის მიერ გარემოებებისა და მოცემულობის შეფასებაა, რომელიც შეცდომას არ გამორიცხავს.

„ამიტომაც მე წინაზეც ვთქვი, რომ ინიციატივით გამოვდიოდი, რომ ეს წესები, რომელიც ეხება შეწყალებას, იყოს გადახედილი შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები უკვე შედგა“, – განმარტა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების ახალ წესებზე იანვრიდან მუშაობს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცემა და სავარაუდოდ მომავალი კვირიდან, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელშიც ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები შევლენ, ის „იდეალური წესები“ ჩამოყალიბდება, რომლებიც „საზოგადოების ასეთ შეშფოთებას“ აღარ გამოიწვევს.

მანვე შეწყალების პროცესში „სხვადასხვა ადამიანების“, მათ შორის, მისივე საპარლამენტო მდივნის ჩართულობასთან მიმართებით არსებულ „სპეკულაციებზეც“ გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ იგი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა და მისგან შეწყალების თემაზე არც რაიმე რჩევა მიუღია. „კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს არ განუმარტავს, თუ რა პრინციპზე დაყრდნობით მიიღო მან გადაწყვეტილება და რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეადგინა მან შესაწყალებელ პატიმართა სია. მას არც მედიის დამატებითი კითხვებისთვის უპასუხია.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტისგან შესაბამის განმარტებებს ითხოვდნენ.

ამბის წინაისტორია

სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანი უკვე მეორედ გახდა.

კრიტიკის პირველი ტალღა პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალებას მოჰყვა. ორი დღის წინ კი, მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვდა 18 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელსაც, 2018 წლის მარტში გამოტანილი განაჩენით, ციხეში 6 წელი და 9 თვე უნდა გაეტარებინა, თუმცა, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, დაახლოებით წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. აღნიშნული მკვლელობა 2004 წელს მოხდა, თუმცა დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ 2016 წელს, 12-წლიანი ძენბნის შემდეგ მისცეს.

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალება გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც შეაფასა და თქვა, რომ მარიამობის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონტაქტი არ შემდგარა. წულუკიანისვე განმარტებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულიდან ერთი ძებნილია.

იუსტიციის მინისტრმა შეწყალების პრაქტიკის რეფორმირების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ შეწყალების უფლება „ულიმიტო“ და „უსაზღვრო“ ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ისეთ სამწუხარო შედეგებამდე მივალთ, როგორამდეც მარიამობის შეწყალებაზე მივედით“.

პატიმრების შეწყალების საკითხს გუშინ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ „შეწყალების დისკრეციული ბუნება მისი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოყენების უფლებას არ გულისხმობს“. მისივე შეფასებით, „თითოეული მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს“.

„პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას და შეწყალების პროცედურებს „მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დროს მოქმედი შეწყალების კომისია მიმდინარე წლის იანვარში გააუქმა და ახალი ამ დრომდე არ დაკომპლექტებულა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ისინი შეწყალების კომისიის ახალი კონცეფციის შექმნაზე მუშაობდნენ.

ასევე ნახეთ:

17/09/2019 – პატიმრის შეწყალების გამო პრეზიდენტს მეორეჯერ აკრიტიკებენ

04/09/2019 – ოპოზიცია და ოცნების ნაწილი პრეზიდენტს პოლიციელის მკვლელის შეწყალებისთვის აკრიტიკებს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button