skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია და ოცნების ნაწილი პრეზიდენტს პოლიციელის მკვლელის შეწყალებისთვის აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულზე პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა, რასაც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 3 სექტემბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „რეაქცია“-ში სტუმრობისას თქვა, რომ მისთვის პოლიციელის მკვლელის შეწყალება „კატეგორიულად მიუღებელია“. „წინააღმდეგი ვარ იმ ადამიანების შეწყალების, რომელთაც ხელი აღმართეს პოლიციელზე, ბრალი აქვთ პოლიციელის მკვლელობაში ან პოლიციელის მიმართ ძალადობაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

4 სექტემბერს ამ თემას იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. თეა წულუკიანის თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი „პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის“ და „სახელმწიფოს სახე“ ადამიანის მკვლელს არ შეიწყალებენ. იუსტიციის მინისტრმა დასძინა, რომ შეწყალების საკითხი პენიტენციალურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა.

დღეს, ამ საკითხზე ჟურნალისტებს კახა კალაძეც ესაუბრა.დედაქალაქის მერის თქმით, პრეზიდენტის ეს „მძიმე“ გადაწყვეტილებაა და მასზე ახსნა-განმარტება თავად პრეზიდენტმა და შეწყალების თემაზე მომუშავე კომისიამ უნდა გააკეთოს.

შეწყალების აქტის ახსნა-განმარტებას არ აპირებს თავად სალომე ზურაბიშვილი. 29 აგვისტოს საზღვარგარეთ მყოფმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და რომ ამაზე პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების მწვავე კრიტიკა მალევე მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის  თქმით,  პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ „ის არის უპასუხისმგებლო ადამიანი“. ნადირაშვილმა 29 აგვისტოს ისიც აღნიშნა, რომ „ასეთი საკითხები არყევს სახელმწიფო ფუნდამენტს“.

ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოძირიძე კი ამბობს, რომ საქმე ან კორუფციასთან გვაქვს, ან პრეზიდენტისთვის „ვიღაცების“ მიერ ამ ადამიანის შეწყალების საკითხის გარკვეული მიზნებისთვის „შეჩეჩებასთან“.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე სულ 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძეც.

შემთხვევა 2014 წელს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მუკბანიანთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს სასამართლომ 2015 წელს 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button