ახალი ამბები

პარლამენტის საშემოდგომო სესია პროტესტის ფონზე გაიხსნა

Tags

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა 3 სექტემბერს ხმაურისა და პროტესტის ფონზე გაიხსნა. სხდომათა დარბაზში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები და აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების ნაწილი საყვირებითა და საპროტესტო წარწერიანი მაისურებით – „სირცხვილია“ – შევიდნენ და „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს.

სხდომათა დარბაზში რამდენიმეწუთიანი საპროტესტო შეძახილების ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარემ სესიაზე მცირე შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც პარტია “ევროპული საქართველოს” წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და სესიაზე აღარ დაბრუნებულან. 

ოპოზიციის შეფასებები

სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მედიას უთხრა, რომ დღეს ქვეყანაში „არანორმალური“ მდგომარეობაა და რომ ეს არის „ივანიშვილის მხრიდან ქვეყნისთვის ხელის კვრა ძალიან სახიფათო მიმართულებით, მხოლოდ იმიტომ, რომ [იგი, ივანიშვილი] გაკოტრებულია და გამოსავალს რადიკალიზაციაში ხედავს“.

„ბუნებრივია, ამას მოჰყვება მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე პროტესტი ყველა დონეზე და მოუწევთ ამასთან შეგუება. თუმცა, ამ პროტესტის ყველაზე ლოგიკური დასასრული არის მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილება. იქამდე ნორმალურობის განცდა ვერ ექნებათ აქ, იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არის ნორმალურობის განცდა“, – თქვა მან და იქვე დასძინა, რომ ეს რეალობა ივანიშვილს უნდა დაუჯდეს მშვიდობიან პროტესტად პარლამენტის შიგნით და მის გარეთ, რაც საბოლოო ჯამში მშვიდობიანი არჩევნების გზით მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებით უნდა დასრულდეს.

“ევროპული საქართველოს” კიდევ ერთი დეპუტატის სერგი კაპანაძის შეფასებით კი, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ადამიანი, რომელმაც მის თანამოქალაქეებს „თვალები დათხარა“, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დააწინაუროს. „ამ ძალადობაზე აუცილებლად მიიღებს კონსტიტუციურ პასუხს და მოუწევს წასვლა ხელისუფლებიდან. უბრალოდ მანამდე ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვითარების დრამატიზება უფრო მეტად არ მოხდეს და ცუდი შედეგები არ დადგეს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მან.

მედიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ივანიშვილმა ხელისუფლებაში „აშკარად პრორუსული მთავრობა“ მოიყვანა. მისივე შეფასებით, ივანიშვილმა ყველა ის მითითება, რაც მან 20 ივნისის შემდეგ რუსეთისგან მიიღო, წარმატებით შეასრულა.

„გახარია დაინიშნა არჩევნების ჩასატარებლად, იმ გაყალბებული არჩევნების გასამეორებლად, რაც მან გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მას აინტერესებს ერთადერთი რამ – ნებისმიერი ხერხით ძალაუფლების შენარჩუნება და ამ შენარჩუნების ბერკეტად მოიაზრება ის ოდიოზური მისი პირადი მოსამსახურეები, რომელთა მთავარი ნიშანი არის არა პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული, არამედ პირადი ერთგულება“, – განაცხადა მან. 

მმართველი გუნდის შეფასებები

რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ, პარლამენტის საშემოდგომო სესია დეპუტატების განცხადებებით გაგრძელდა. მმართველი გუნდის წევრებმა სიტყვით გამოსველბის დროს, ოპონენტების კრიტიკას უპასუხეს. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ რეგლამენტის დარღვევისა და საპარლამნეტო საქმიანობის ხელისშეშლის უფლებას არავის მისცემენ.

მანვე ოპოზიციის პროტესტსაც უპასუხა და თქვა, რომ კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას გამოხატვის ის ფორმები აჩვენა, რაც ოპონენტებმა აირჩეს. „ეს არის მათი არჩევანი, ჩვენ კი ვაგრძელებთ პარლამენტის სხდომას“, – დასძინა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით კი, პლაკატებსა და მაისურებზე „არა ოკუპაციას“ იმ ადამიანებმა დაიწერეს, ვინც „თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედები“. მისივე თქმით, ოცნების ოპონენტების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მათ მიერ „ჩადენილ ბოროტებასა“ და 20-21 ივნისის მოვლენებს შორის „ტოლობის ნიშანი დასვან“. „ეს ტოლობის ნიშანი არ დაისმევა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საკუთარ გამოსვლაში სამთავრობო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ „ეს ცვლილებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ ველზე და უფრო მეტად შექმნის თანამშრომლობის სივრცეს“.

„მე მინდა მქონდეს იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, რომ მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რომელსაც თავად ითხოვდა. თუმცა, მათი ზოგიერთი ნაბიჯი იმედის მომცემი ნამდვილად არ არის“, – თქვა ჩუგოშვილმა.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ამის შემდეგ, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. პარალელურად, პარლამენტის წინ მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა დეპუტატებს დღეს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და კიდევ ერთხელ ამ ფორმით შეახსენეს თავი.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, მთავრობას ლეგიტიმაცია უკვე დაკარგული აქვს და ის უნდა წავიდეს. აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა კი მმართველ გუნდს მოუწოდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურას ნდობა არ გამოუცხადოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებამდე მშვიდობიანად მიიყვანოს.

დღეს საღამოს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი, რომლის მთავარი მოთხოვნაც სწორედ გიორგი გახარიასთვის ნდობის არგამოცხადება იქნება. 

პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რომ უკვე ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და საზოგადოებას ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button