ევროპამთავარი თემა

რით დაგვამახსოვრა თავი დიდი შვიდეულის სამიტმა ბიარიცში?

Tags

მსოფლიოს დიდი შვიდეულის – აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, იაპონიისა და საფრანგეთის, ასევე ევროკავშირის – ლიდერები ერთმანეთს ამჯერად 24-26 აგვისტოს, საფრანგეთში, ბასკეთის ზღვა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოვან ქალაქ ბიარიცში შეხვდნენ.

შვიდეულის ყოველწლიური, რიგით 45-ე შეხვედრა ორშაბათს დასრულდა. დასრულდა ალმოდებული ამაზონისა და აფრიკის ტყეების, ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომის, დაუსრულებელი ბრექსიტის, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებებისა თუ ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

რაზე იმსჯელეს დიდმა შვიდეულმა თუ მაკრონის გულუხვობის წყალობით „შემოსწრებულებმა“?

დაპირისპირება რუსეთის საკითხზე

ერთმანეთისადმი საკინკლაოდ განწყობილ მსოფლიო ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობას ვერც ბასკური გემრიელობებით ყელის ჩაკოკლოზინებამ უშველა რამე. შაბათ საღამოს გამართულ ვახშამზე პლანეტის მესაჭეებს სამიტის ფორმატში რუსეთის დაბრუნება-არდაბრუნებაზე ბევრი უკამათიათ (რუსეთი დიდი რვიანიდან 2014-ში ყირიმის ანექსიის გამო მიაბრძანეს). ტრამპს განუცხადებია, რომ პუტინი კვლავაც უნდა მოიწვიონ ამ ფორმატში.

ამბობენ, ამერიკის პრეზიდენტს მხარი მხოლოდ იტალიის წარმავალმა პრემიერ-მინისტრმა, რუსეთთან აქამდეც კურკურში შემჩნეული პოპულისტური მთავრობის ლიდერმა, ჯუზეპე კონტემ აუბაო. იაპონიის პრემიერ შინძო აბეს არც მწვადი დაუწვავს და არც შამფური. ბრიტანეთის ჯონსონიანთ ბორისი, გერმანიის კანცლერი მერკელი, კანადის პრემიერი, ლიბერალიზმის ვარსკვლავბიჭუნად მონათლული ტრუდო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ტუსკი და მასპინძელი მაკრონი გააფთრებულნი შეწინააღმდეგებიან ტრამპის ამ წიაღსვლებს.

ტრამპს უთქვამს, სირიაზე, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე სასაუბროდ რუსეთიც უნდა იყოსო მოპატიჟებული. სხვა ლიდერებს კი განუცხადებიათ, ეს ლიბერალ-დემოკრატიული ქვეყნების კლუბია, ბატონ პუტინს კი, რომელიც ამ ღირებულებებს არ იზიარებს, აქ არც არაფერი ესაქმებაო. ჭეშმარიტად უცნაურ აწმყოში ცხოვრობს მსოფლიო.

ვაჭრობა და გადასახადები

ტრადიციულად, შვიდეულის შეხვედრების მთავარი ვნებათაღელვა ვაჭრობისა და გადასახადების საკითხს შეეხება. მით უფრო ახლა, როცა ბიარიცში ჩასვლის წინა დღეს ტრამპმა ჩინურ იმპორტზე ახალი გადასახადები დააწესა.

გასულ კვირებში გადასახადების თემამ ამერიკა-საფრანგეთის ურთიერთობებსაც დარია ხელი. ფრანგების მიერ ტექნოლოგიურ კომპანიებზე შემოღებული გადასახადის საპასუხოდ ტრამპი მაკრონს ფრანგულ ღვინოზე გადასახადების დაწესებით დაექადნა. თუმცა ტრამპის ტვიტმა, რომ ბიარიცში „მაკრონთან ისეთი კარგი სადილი და შეხვედრა ჰქონდა, ვიდრე არასდროს აქამდე“, ბევრს იმედი ჩაუსახა.

ამბობენ, მაკრონმა ამერიკელი სტუმრები გააბრაზაო. ამერიკული დელეგაციის წევრებს არ მოსწონებიათ დიდი შვიდეულის ტრადიციული თემების – ვაჭრობისა და ეკონომიკის – გვერდით დღის წესრიგში ფრანგ ლიდერს შიდა აუდიტორიაზე გათვლილი კლიმატის ცვლილებებისა და თანასწორობის თემები რომ ჩაუკვეხებია.

მეტიც, ამერიკელებს უთქვამთ, ჩვენ ვიძალეთ, თორემ მაკრონი ამ ვაჭრობისა და ეკონომიკის თემების დღის წესრიგში ჩასმას საერთოდ არ აპირებდაო.

კლიმატის ცვლილებები და ამაზონის ხანძარი

ბიარიცში მსოფლიო ლიდერთა მაღალი ყურადღება კლიმატის ცვლილებებმა და ამაზონის ხანძარმაც მიიპყრო. „დედამიწის ფილტვებმა“ ყურადღება კიდევ უფრო მეტად იმიტომაც მიიქცია, რომ ამ თემაზე ბრაზილიის პრეზიდენტმა ბოლსონარუმ და მაკრონმა წაკბინეს ერთმანეთს.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ. ფოტო: AFP Photo/EVARISTO SA

მაკრონი დაიმუქრა, რომ თუ ბრაზილია ხანძარს დროულად არ ჩააქრობდა, ევროკავშირსა და მერკოსურს შორის (რომლის წევრი ბრაზილიაცაა) მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას წყალს შეუყენებდა. მერკელმა კი განაცხადა,  რომ მერკოსურისთან ევროკავშირის შეთანხმების დაბლოკვა იმ ტროპიკულ ტყეებს უკან ვეღარ დააბრუნებს.

საფრანგეთის ლიბერალიზმის მებაირახტრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის ალში გახვეულ ბრაზილიას ბობოლა შვიდეული ხელს 20 მილიონი ევროთი წაუკრავდა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ბოლსონარუმ, რომელიც ხანძარს არასამთავრობო ორგანიზაციებს აბრალებს, მაკრონსა და შვიდეულს მიმართა, თქვენი მოწოდებული წყალიც არ მინდაო.

კლიმატზე მაკრონმა მართლაც რომ გამოიდო თავი. ბიარიცში საფრანგეთის ლიდერმა გარემოსდაცვით პრობლემებზე სასაუბროდ ავსტრალიის, ჩინეთისა და ესპანეთის ლიდერებიც მოიწვია.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა

საფრანგეთმა ბიარიცში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფიც მიიწვია და მასთან შეხვედრაც გამართა, რამაც ბევრი დატოვა გაკვირვებული.

ირანი ამ ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ იქცევს, რომ ტრამპმა თეირანთან დიდი ვაი-ვაგლახით მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკა გაიყვანა და მას ტარიფებიც დაუწესა. ახლა მსოფლიო ლიდერები შეშფოთებულნი და მოწადინებულნი არიან, ირანი კიდევ ერთ ბირთვულ სახელმწიფოდ არ გადაიქცეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამად ჯავად ზარიფი.
ფოტო: Brendan McDermid / Reuters

ზარიფმა იმედი გამოთქვა, რომ შემზადდება ნიადაგი ტრამპისა და ირანის ლიდერის ჰასან როუჰანის შეხვედრისთვის. ტრამპმა, რომელიც ირანელებს ბიარიცში არ შეხვედრია, თქვა, რომ თუ შესაფერისი პირობები იქნება, მათ შეხვედრას, თუნდაც ძალიან მალე, წინ არაფერი დაუდგება.

ბორისი, ევროპა და აშშ

ბიარიცში მნიშვნელოვანი ყურადღების ცენტრში მოექცა ბორის ჯონსონიც, რომლისთვისაც ეს სამიტი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი საზღვარგარეთული ვოიაჟი იყო. კერძოდ, ბევრი ელოდებოდა ტრამპისა და ჯონსონის შეხვედრას (ისე, რაღა დასამალია და ამ უკანასკნელს სისინა ანალიტიკოს-კომენტატორები ხშირად ბრიტანელ ტრამპს ეძახიან).

ჯონსონმა განაცხადა, რომ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებები რთული იქნება, თუმცა დიდი შესაძლებლობების მომტანი ბრიტანული ბიზნესისათვის. ისიც დაამატა ჯონსონმა, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი (NHS) ამერიკასთან მოლაპარაკებებში საძიძგილაო თემა არ იქნება. თავის მხრივ, ტრამპმა თქვა, „ძალიან დიდი სავაჭრო შეთანხმებას ისურვებდა“.

ბორის ჯონსონი და დონალდ ტრამპი ბიარიცში.
ფოტო: STEFAN ROUSSEAU/POOL VIA REUTERS

ბრექსიტზე სასაუბროდ ჯონსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ტუსკსაც შეხვდა, რომელმაც ვერ მოითმინა და შეხვედრამდე ბორისის მისამართით მკვახე რეპლიკაც არ დაიშურა და დატვიტა, იმედი მაქვს, ჯონსონი ისტორიაში „მისტერ უხელშეკრულობად“ (Mr No Deal) არ შევაო (ეს იმიტომ თქვა, რომ ჯონსონი ბრიტანეთის ევროკავშირიდან უხელშეკრულებო გამოსვლას არ გამორიცხავს, მეტიც, სულ უფრო მიჰყავს საქმე აქეთკენ).

შვიდეულის საწინააღმდეგო პროტესტი

ტრადიციულად, ბობოლა შვიდეულის შეხვედრებს ათასობით ანტი-კაპიტალისტი აპროტესტებს ხოლმე. გამონაკლისი არც ბიარიცი ყოფილა. 9000-მა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა მარშში სამიტის წინააღმდეგ.

ანტი-კაპიტალისტებმა მარშის გარდა, არაერთი სხვა საპროტესტო ღონისძიებაც დაგეგმეს. მეზობელ ქალაქ ბაიონაში გამართული პროტესტის საწინააღმდეგოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჯამში, დიდი შვიდეულისა და „შემოსწრებულების“ უსაფრთხოებას 13000 პოლიციელი იცავდა.

პოლიციასთან შეტაკებები ბაიონაში

შეჯამების მაგიერ

ბევრი კითხულობს და ჩვენც ვიკითხოთ, შეცვალა კი რამე ამ სამიტმა? შვიდეულმა ისიც კი ვერ მოახერხა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციად ქცეული შემაჯამებელი კომუნიკე მიეღო.

ერთი ხეირი ისაა, შარშან კანადაში გამართული სამიტისაგან განსხვავებით, წლევანდელი ნაკლებად სკანდალური იყო. შარშან გაბრაზებულმა ტრამპმა შეხვედრა დროზე ადრე, მასპინძელი ტრუდო კი „შეურაცხყოფილი“ დატოვა. ამიტომაც იყო, ეტყობა, მაკრონს კომუნიკეზე თავი რომ არ გამოუდია.

როგორც „გარდიანის“ (Guardian) კომენტატორმა თქვა, მსოფლიო არასდროს ყოფილა ასე დაკავშირებული და ამავე დროს, ერთმანეთისაგან ასე გათიშული.

საიმონ ტისდალმა, გარდიანის კომენტატორმა ისიც თქვა, წარსულს ჩაჰბარდა დრო, როცა ამერიკის პრეზიდენტი მოწიწებას აღძრავდა კოლეგებში, როცა დიპლომატია მართლა მუშაობდა და როცა მსოფლიო ომის შემდგომი სამყაროს ინტერნაციონალისტური ხედვა ნაციონალისტური დღის წესრიგით არ იყო გამრუდებულიო.

საბოლოოდ ჩაიარა კი მართლა ამ დრომ? არცთუ ისე შორეული მომავალი გვიჩვენებს.

სტატიაში საკუთარ თავს, Guardian-ს, Euronews-ს, Forbes-ს, Al Jazeera-ს, MSN-ს და აკაკის განთიადს დავეყრდენით.

Show More

Related Articles

Back to top button