ახალი ამბები

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყეტილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულ დონეზე მოსამართლეების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების გამოხმაურება მოჰყვა. Civil.ge ამ შეფასებებს გთავაზობთ: 

გია ვოლსკი – ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა. ამჯერად, დადასტურდა ის, რომ შეჩერების მექანიზმი მოიხსნა დღის წესრიგიდან და დადასტურდა ისიც, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ. ასე რომ, სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს…  სახელმწიფოსა და “რუსთავი 2”-ს შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი. ეს არის ფაქტი“.

მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი

„დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება “რუსთავი 2”-ს და ამჟამინდელ მფლობელებს, ძმებ ყარამანაშვილებს, არ დარღვევიათ და ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის ნიშნები არ ყოფილა – ეს ერთი და მთავარი. მეორე – შეჩერების მექანიზმი, რაც აღსრულებას შეეხებოდა, გაუქმებულია და მოხსნილია, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. აქვე ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ მიიღო“.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

„ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი… მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა… ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას. ერთადერთი, რაც ვერ მიჰქოდნა ივანიშვილს, „რუსთავი2“-ია და ახლა ივანიშვილს მიაქვს… დავდგეთ ერთად მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. აქ აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე… მე არ ვაპირებ გაჩერებას და ამასთან შეგუებას, მე ვაპიერებ ბოლომდე ბრძოლას… მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისკენ. ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლა არის ის ბოლო ზღავრი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება, მოდით გვერდზე გადავდოთ ყველაფერი და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ ბოროტებამ არ უდნა გაიმარჯვოს… მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნივნელოვანია სქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაყწვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის“.

გია ბარამიძე – ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, მაგრამ არა გადაწყვეტილება, რომელმაც სასოწარკვეთაში უნდა ჩაგვაგდოს. კარგად ვიცით, რომ ძალიან რთულ, უთანასწორო ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში ვართ მილიარდებთან და ძალიან სერიოზულ სახელმწიფო ბერკეტებთან, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ბოლო დროს. პირდაპირ პუტინია ინფორმირებული „რუსთავი 2“-ზე, იქიდან ინსტრუქციებს იძლევიან და ძალიან დიდი მეამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული და სახელმწიფო ბერკეტები, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ მინდა, ჩრდილი მივაყენო ევროპულ სასამართლოს. ჩვენი ბრძოლა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება“.

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი

„სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლური ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს… დღევანდელი გადაწყვეტილება ტოვებს სამართლებრივი გაგრძელებისა და დიდ პალატაში გასაჩივრების პერსპექტივას“.

გიგი უგულავა – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი

„ პირველი და მთავარი, რაც მინდა რომ ვთქვა, ხელები არავინ არ უნდა ჩამოყაროს, იმიტომ, რომ ბრძოლა გრძელდება და მეტსაც გეტყვით, გადამწყვეტ ფაზაში შედის… ხელისუფლება ყველა წითელს ზღვარს გადავიდა. ჩათვალეთ, რომ 7 ნოემბერი [2007 წლის 7 ნოემბერს წინა ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა] გაიმეორა 20 ივნისს და ახლა იმედის [2007 წლის 7 ნოემბერს სამართალდამცავები ოპოზიციურ ტელეკომპანია იმედში შევიდნენ] შეცდომას იმეორებს დღეს. ამიტომ სრული პაკეტია იმისთვის, რომ მოხდეს აბსოლუტური დემონიზაცია ივანიშვილის და ივანიშვილი ვერ გადაურჩება 2020-ში [საპარალემნტო არჩევნები] ქართული საზოგადოების რისხვას… პანიკის წინა პირობას ვერ ვხედავ… ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სტრასბურგი არის პირდაპირ სამართლებრივი და პოლიტიკური ორგანიზმი… ვინც არ უნდა ილაპარაკოს ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს წარმომადგენელია ლადო ჭანტურია [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან] და აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ მოსამართლეებზე… გავლენა აქვთ რუსეთის ხელისუფლებას… ამ გავლენასაც ნუ გამოვრიცხავთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button