skip to content
ახალი ამბები

ყოფილი მოსამართლე ამბობს,  რომ „ქართული ოცნება“ არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მას დაემუქრნენ, რომ „ტვინს გაასხმევინებდნენ“, თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე არ გამოიტანდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურდა.

„ის მუქარა, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა, უკავშირდება „რუსთავი 2“-ის საქმეს და იყო შეტყობინება ჩემთან მიმართებით შემოსული, რომ თუ მე არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, ტვინს გამასხმევინებდნენ“, – უთხრა ალავიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ და დასძინა, რომ მან ეს შეტყობინება უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მუქარის უკან ვიღაც სხვა იდგა, რომელიც მან არ დაასახელა. მისი თქმით, როდესაც დრო მოვა, იგი ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებს.

„რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმე ერთ-ერთი უაღრესად სადავი საკითხი იყო, რომელშიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აცხადებდა, რომ მისი ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სარჩელი მაუწყებლის დაბრუნების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული ტელეკომპანიის წართმევის მიზნით. „რუსთავი 2“-მა საქმე ქვეყნის სამივე ინსტანციის სასამართლოში წააგო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ბევრი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, სასამართლო პროცესი იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, გაეჩუმებინა ტელეკომპანია, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებდა. 2017 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და საკუთრების უფლება მას მიანიჭა. საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც გასაჩივრდა, რომელმაც 2019 წელს დაადგინა, რომ „რუსთავი 2-ის“ ქონებრივ დავაში სამართლიანი სასამართლოს გარანტიების დარღვევა არ ყოფილა.  

თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ახლა აცხადებს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, თუ სასურველ განაჩენს არ გამოიტანდა, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად. „ამ საქმეზე გადაწყვეტილება არ იყო ჩემს მიერ თავისუფალ გარემოში მიღებული“, – განაცხადა ალავიძემ და დასძინა, რომ დაირღვა მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.

ალავიძის თქმით, როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ბევრ მოსამართლეს, რომელთაც ახლა მმართველი პარტია თავისუფლებისა და პატიოსნების გამო აქებს, პარტიის წარმომადგენლები ჯალათებს უწოდებდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ ამ მოსამართლეთაგან ბევრის წინააღმდეგ, რომლებიც მოგვიანებით სასამართლო „კლანში“ გაერთიანდნენ, პროკურატურაში საქმეები იყო გახსნილი და ეს საქმეები (მათ შორის სისხლის სამართლის საქმეები) და გადაცდომები ახალმა ხელისუფლებამ მათ მმართველი პარტიისადმი ლოიალობისა და სასურველი გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ აპატია.

ყოფილმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს იწვევდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button