skip to content
ახალი ამბები

Amnesty International: რუსეთის მიერ აღმართულ გამყოფ ხაზებს ადამიანების ცხოვრებაზე „გამანადგურებელი გავლენა“ აქვს

რუსული სამხედრო შენაერთების მიერ საქართველოში განხორციელებული „ბორდერიზაცია“ გამანადგურებელ გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე, – განაცხადა დღეს Amnesty International-მა ანგარიშის წარდგენისას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს ეხება.

ანგარიში, რომელიც Amnesty International-ის ერთწლიან კვლევას ეფუძნება, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებების უკანონო ქმედებებს ააშკარავებს, რომელთა შედეგადაც გამყოფი ხაზების მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, არ აქვთ წვდომა საარსებო წყაროებსა და სოციალურ დახმარებაზე, ილახება მათი ოჯახური ცხოვრების უფლება და რელიგიის თავისუფლება. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია საოკუპაციო ხაზების გადაკვეთისას დაკავებული პირების და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების თაობაზეც.

ანგარიშში Amnesty International-ს მოჰყავს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან მოპოვებული მონაცემები და ფაქტები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:
  • აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზებზე „ბორდერიზაციის“ პროცესი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა და დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა 2009 წელს დაიწყეს, თუმცა პროცესმა ინტენსიური ხასიათი 2013 წლიდან მიიღო, მას შემდეგ რაც რუსმა სამხედროებმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მავთულხლართების გავლება დაიწყეს და თბილისის მიერ მანამდე კონტროლირებული დამატებითი ტერიტორიები დაიკავეს.
  • 2018 წლის ბოლოსთვის, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს ფიზიკური ბარიერები 34 სოფელში ჰქონდათ გავლებული.
  • ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრებმა 800-დან 1000-მდე ოჯახმა სრულად ან ნაწილობრივად დაკარგა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და ტყის რესურსებზე წვდომა.
  • რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები და დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისთვის სამოქალაქო პირებს რეგულარულად აკავებენ.
  • საქართველოს ხელისუფლებამ 2008-2018 წლებში ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის დროს 1200-ზე მეტი მოქალაქის, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით – 1800-ზე მეტი მოქალაქის დაკავების ფაქტი აღრიცხა.

Amnesty International განმარტავს, რომ მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა უპასუხოდ დატოვეს ორგანიზაციის წინადადება, ჩართულიყვნენ ანგარიშის შემუშავების პროცესში.

Amnesty International-ის შეფასებით, ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე „საერთო ეფექტური კონტროლი რუსეთის ფედერაციას აქვს“. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციია მიიჩნევს, რომ „რუსეთი პასუხისმგებელია იმ დარღვევებზე, რომელიც უშუალოდ მისი ძალების მიერ განხორციელდა და იმ დარღვევებზეც, რომელიც დე ფაქტო მთავრობების მიერ მოხდა“.

ანგარიშის შემაჯამაბელ ნაწილში, Amnesty International-ი რუსეთის ხელისუფლებას და ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო მთავრობებს, აგრეთვე საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას რეკომენდაციებით მიმართავს:

  • ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთს, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს, დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება, დაუყოვნებლივ გადახედოს და შეამსუბუქოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული გადაადგილების რეჟიმი, უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი, სიღრმისეული და მიუკერძოებელი გამოძიება.
  • Amnesty International-ი მიმართავს მოსკოვს, ცხინვალს და სოხუმს, რათა „დაუშვან და ხელი შეუწყონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე“.
  • Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს „ბორდერიზაციით“ დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, ასევე „გაავრცელოს სახელმწიფო რეფერალური პროგრამა გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებზეც, რათა მათაც ისე შეძლონ უფასო ჯანდაცვით სარგებლობა, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის სხვა მცხოვრებლებმა“.
  • Amnesty International საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ევროკავშირს, გაეროს, ევროსაბჭოს და ეუთოს მოუწოდებს, „გამონახონ ყველა შესაძლებლობა“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად, ადამიანის უფლებათა დარღვევების აღსარიცხავად და გამოსაძიებლად; ხოლო ევროკავშირმა – მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

ასევე წაიკითხეთ:

06/03/2018 – Amnesty International-ი ტატუნაშვილის საქმის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button