ახალი ამბები

Amnesty International-ი ტატუნაშვილის საქმის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს

„რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყონ ქართველი დაკავებულის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დეტალური,  სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება, ხოლო მისი ცხედარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს ოჯახს“, – განაცხადა Amnesty International-მა 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

35 წლის ახალგორის მკვიდრის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რომელიც 22 თებერვალს ცხინვალში დაკავებისას გარდაიცვალა, თბილისის მოთხოვნისა და საერთაშორისო შუამავლობის მიუხედავად ჯერაც არ გადაუციათ ოჯახისთვის. 

სამხრეთ კავკასიაში Amnesty International-ის წარმომადგენელმა, ლევან ასათიანმა 6 მარტს Civil.ge-ს განუცხადა, რომ ცხინვალის მიერ ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება „ნათლად აჩვენებს, რომ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ტატუნაშვილის სიკვიდლის გარემოებებს მალავს. პატიმრობისას გარდაცვალება ყოველთვის საეჭვოა და თუ მიუკერძოებელი გამოძიება ამას სხვაგვარად არ დაამტკიცებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის თვითნებურ ხელყოფასთან გვაქვს საქმე“.

Amnesty International-მა განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, „პატიმრობაში მყოფი პირის გარდაცვალება უნდა განიხილებოდეს, როგორც თვითნებური დასჯა და დეტალური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს ამ ვარაუდის დადასტურების ან უარყოფის მიზნით“.  „არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ეფექტური გამოძიების ვალდებულების უგულებელყოფა სიცოცხლის უფლების ხელყოფის ტოლფასი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება უკვე დაგმეს თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ევროკავშირმა, ლიტვამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, ფინეთმა, ესპანეთმა, იაპონიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა, PACE-ს თანამომხსენებლებმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა

მსგავსი/Related

Back to top button