Placeholder canvas
ახალი ამბები

იზორიამ და ნატოს ოფიციალურმა პირებმა ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 27 ივნისს, ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილესთან როუზ გოტემოლერთან გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილა.

მინისტრის თქმით, მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოებაში ნატოს ჩართულობაზე, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ზრდის დინამიკაზე, საქართველოს თავდაცვით რეფორმებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „გვქონდა მართლაც ძალიან საინტერესო შეხვედრები კონკრეტული გზავნილებით და გეგმებით“.

„პრაქტიკული თანამშრომლობის ის მექანიზმი, რომელიც გვაქვს ნატოსთან, და მოიცავს გარკვეულ ინიციატივებს, მიმდინარეობს პროგრესით. მეტიც, წელს უმრავლესი მათგანი წარმატებით დასრულდება და ჩვენ უკვე დღეს განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, თანამშრომლობის „ყველაზე ყოვლისმომცველი სპექტრი“ მოიცავს ერთობლივი სწავლებების კომპონენტს, მათ შორის, საზღვაო, ამფიბიური და კიბერუსაფრთხოების ელემენტებს.

„ამიტომ, ჩვენ უფრო მეტი ნატოთი ვიქნებით წარმოდგენილები საქართველოში, რაც არის ყველაზე სანდო და მყარი გარანტია საფრთხეების შეკავებისთვის, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია“, – განაცხადა იზორიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ კონკრეტილი გეგმა მუშავდება, რათა „შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, იყოს ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ მეტი ნატო იყოს რეგიონში წარმოდგენილი, რათა საქართველოსთან ერთად, ყოველისმომცველი სტრატეგიის ფარგლებში, რეგიონში მეტი უსაფრთხოება იყოს ნატოს მხრიდან უზრუნველყოფილი“.

მინისტერიალის ფარგლებში, ლევან იზორია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრას დაესწრო და ცალკე შეხვედრები გამართა ჰოლანდიელ, რუმინელ და შვედ კოლეგებთან.

ასევე წაიკითხეთ:

23/05/2019 – თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

13/02/2019 – თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს წარმომადგენლებს შეხვდა

28/01/2019 – თავდაცვის მინისტრი: რეფორმები პრიორიტეტად რჩება

06/12/2018 – იზორია თავდაცვის რეფორმებსა და პრიორიტეტებზე საუბრობს

04/10/2018 – ნატო-საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში თანამშრომლობაზე იმსჯელეს

08/06/2018 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელს სტუმრობს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button