skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები ხელისუფლებას ჰომოფობიის აღმოსაფხვრელად „თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკის“ გატარებისკენ მოუწოდებენ

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, EMC, საია და „თანასწორობის მოძრაობა“, 14 და 16 ივნისს სასულიერო პირებისა და რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ ლგბტქი თემის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმიანება და სახელმწიფოს „ძალადობრივი მოწოდებების აღკვეთისა და თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს“.

არასამთავრობოების მიერ 17 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ანტიდემოკრატიული ჯგუფების გაძლიერების და ორგანიზების ტენდენციის მიუხედავად, ხელისუფლებას არ მიუღია ადეკვატური ზომები მსგავსი პოლიტიკური იდეების და ჯგუფების რადიკალიზაციის პრევენციის მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში კი, გაჩნდა ეჭვები მათ მიმართ ხელისუფლების ლოიალობის შესახებ“.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მოძრაობების ლიდერების დიდი ნაწილი, რომელთა შორისაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სხვები არიან, „ღიად არის დაკავშირებული რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და აშკარად ჩანს პოლიტიკური ძალაუფლების და გავლენის მოპოვების ინტერესი“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში „ულტრაკონსერვატიული იდეების აღზევებას“ და „ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ძალადობას“ ერთი მხრივ – ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, მყიფე დემოკრატია და ღრმა პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია, მეორე მხრივ კი – ხელისუფლების მიერ ლგბტქი ადამიანების უგულებელყოფა, მათი დარბევის ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება და საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდა ახალისებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს, „გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა შექმნილ სოციალურ კრიზისში და მიიღოს ქმედითი ზომები თანასწორობასა და ინკლუზიაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებისთვის“. „არსებითია, ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზრონ პოლიტიკურმა პარტიებმა და საპატრიარქომ”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, რომ რადიკალური ჯგუფების ძალადობრივ გეგმებსა და ქმედებებზე დაწყებული გამოძიება „იყოს რეალური და ეფექტიანი“, ხოლო ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება და უფლებები იყოს დაცული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“, რომელიც ლგბტქი აქტივისტებსა და უფლებადამცველებს აერთიანებს, 18-23 ივნისს კვირეულს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის არის ღირსების მარში.

„თბილისი პრაიდის“ ღონისძიებები 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ მკაცრი განცხადებით დაგმო, რასაც იმავე დღეს პრაიდის ორგანიზატორთა პროტესტი და რადიკალური ჯგუფების კონტრაქცია მოჰყვა. ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა 16 ივნისს, ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი აქცია გამართეს და „თბილისი პრაიდის“ კვირეულის განმავლობაში, „გარყვნილების პროპაგანდასთან“ საბრძოლველად „სახალხო ლეგინიოს“ შექმნა დააანონსეს.

შსს-მ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების შესახებ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით 17 ივნისს გამოძიება დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button