ახალი ამბები

შსს: „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილი ფორმატით ჩატარება შეუძლებელია

Tags

შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართავს და განმარტავს, „პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით“, მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და წარმოდგენილი ფორმატით ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია. ორგანიზატორები პასუხობენ, რომ ისინი აპირებენ თავიანთი ერთერთი ძირითადი უფლება – შეკრების თავისუფლება დაიცვან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც ხაზგასმულია, რომ უწყებამ „თბილისი პრაიდის“ ჯგუფს გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები შესთავაზა, რომელიც „უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“, რომელიც LGBTQI აქტივისტებსა და უფლებადამცველებს აერთიანებს, 18-23 ივნისს კვირეულს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის არის ღირსების მარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დღესვე სპეციალური ბრიფინგით უპასუხეს კვირეულის ორგანიზატორებმა. „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მარიამ კვარაცხელიას განმარტებით, შსს-ს განცხადებით, მათი ძირითადი მოქალქეობრივი უფლება – შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება და ვგეგმავთ, რომ მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს“, – განაცხადა მან.

კვარაცხელიასვე განმარტებით, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს შსს-თან მოლაპარაკებების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ, სადაც ღონისძიების ჩატარების ალტერნატიულ მარშრუტებზე და ფორმატებზე მსჯელობა სურდათ, თუმცა უწყება მათთან დიალოგში არ შევიდა. „ხისტად განგვიცხადა, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლების დაცვა არის შეუძლებელი და არ მოხდება მათ მიერ“, – განმარტა მან.

ღონისძიების კიდევ ერთი ორგანიზატორის გიორგი თაბაგარის განმარტებით, შსს-ისთვის შეთავაზებულ მარშრუტებს შორის რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა და კანცელარია არ ყოფილა, სადაც ზოგადად მანიფესტაციებისა და აქციების ჩატარება ხდება. ამის მაგივრად, ორგანიზატორების თქმით, შსს-მ მათ ღონისძებების დახურულ სივრცეში: სტადიონსა ან კლუბში ჩატარება შესთავაზეს.

„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ აგვერიდებინა ის რაც ხშირად ითვლება ხოლმე პროვოკაციად გარკვეული ჯგუფების მიერ. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ 17 მაისს, რომ არ მომხდარიყო საზოგადოებაში დამატებითი დაძაბულობის შექმნის შესაძლებლობა და ამის მიუხედავად სახელმწიფომ მაინც ვერ შეძლო ჩვენთვის კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯების შეთავაზება, რაც არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა მან.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღონისძიებაზე მუშაობას აგრძელებენ და ჯერჯერობით დაგეგმილი აქტივობები არ გაუუქმებიათ. „გვექნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, მათ შორის გავაგრძელებთ და ვეცდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაციას. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას იმისთვის, რომ შევძლოთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ქუჩაში გამოსვლა“, – ამბობენ ისინი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button